23 დეკემბერი 2024,   04:02
ვრცლად
ტაეკვანდოში საქართველოს ჩემპიონატი დაპირისპირებით და დაკავებებით დამთავრდა

ფოთში საქართველოს ჩემპიონატი ტაეკვანდოში ჩხუბითა და სპორტსმენთა დაკავებებით დასრულდა. დაკავებულია სამი მწვრთნელი. მათ წინააღმდეგ გამოძიება 126-ე ძალადობის მუხლით არის დაწყებული. კონფლიქტის მიზეზი კი ის დაპირისპირება გახდა, რომელიც წლებია ტაეკვანდოს ფედერაციაში შემავალ სუბიექტებსა და მის პრეზიდენტს სულხან ბაბუაძეს შორის მიმდინარეობს.

დაპირისპირებული მხარე მომხდარში ბაბუაძეს ადანაშაულებს და დარწმუნებულია, რომ მომხდარი სწორედ ბაბუაძის და მისი მომხრეების პროვოკაციის შედეგია.

„წამოვიდნენ პროვოკაციაზე, ადამიანები ვართ ხომ? შეხლა-შემოხლა მოხდა. იმ წუთას რა მოხდა არ ვიცი. ფედერაციის პრეზიდენტი არის 7 წელია, 7 წლის განმავლობაში ამ ტაეკვანდოში არაფერი გაკეთებულა სიგლახის მეტი.ეს ხალხი ყველა განაწყენებულია, პირადულად კი არა, იმის გამო, რომ ფედერაციაში არაფერი გაკეთებულა,“-ამბობს იმერეთის ტაეკვანდოს სპორტული კლუბების გაერთიანების პრეზიდენტი რომეო გურეშიძე.

6 წელზე მეტია ტაეკვანდოს ფედერაციის დაპირისპირებულ მწვრთნელთა და სპორტსმენთა ნაწილი ბაბუაძის გადადგომას ითხოვს. ბოლო შეხვედრა ანალოგიური მოთხოვნით მათ სპორტის სამინისტროში, სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ირაკლი დოლაბერიძესთან ჰქონდათ.

ტაეკვანდოს ეროვნული ფედერაციის იურისტი, ტარიელ კიკნაძე კი ამბობს, რომ გამგეობის წევრი გიორგი აბულაძე ნაცემია.

„ვინ გაიყვანა არ ვიცი, მაგრამ ეს ადამიანი არის ნაცემი. რატომ სცემეს არ ვიცი,“-ამბობს კიკნაძე.

 

დღის ამბები