22 ნოემბერი 2024,   16:20
ვრცლად
პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნა ბლოკირებულია - დააანონსებულია ღირსების აქცია

„თუ სახელმწიფო არ იცავს ქვეყანას მკვლელი ოკუპანტებისგან  ჩვენ დავიცავთ მინიმუმ ამ დარბაზს,“- ეს მიმართვა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ საპარლამენტო ტრიბუნიდან გააკეთა.

„მტკიცედ ვაცხადებთ, ამ დარბაზში ფეხს ვერ შემოდგამს გავრილოვი, მკვლელი, რუსი ოკუპანტი. თუ სახელმწიფო ჩვენ ქვეყენას არ იცავს რუსი ოკუპანტებისგან, ჩვენ ამ დარბაზს, როგორც მინიმუმ, დავიცავთ და ეს ღონისძიება არ ჩატარდება რუსული დელეგატების მონაწილეობით“ - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

„ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნა აქვთ დაკავებული და ამბობენ, რომ დარბაზში რუს დეპუტატებს არ შეუშვებენ.

მათ ალყაში აქვთ მოქცეული პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი, საიდანაც ცოტა ხნის წინ სერგეი გავრილოვი ასამბლეის წევრებს მიმართავდა.

გიორგი კანდელაკის თქმით, რუსი დეპუტატების საქართველოში ყოფნა ქვეყნის ეროვნული ღირსების და იმ ადამიანების შეურაცხყოფაა, ვინც აფხაზეთის ომში დაიღუპნენ. მისი თქმით, სანამ ეს ადამიანები ქვეყნის ტერიტორიაზე არიან, ღონისძიება არ ჩატარდება.

„ბატონ გავრილოვს, მის ბიოგრაფიაში აღნიშნულია, რომ აფხაზეთის ომის დროს, როცა დაიღუპა ჩვენი ათასობით თანამოქალაქე, როცა იბომბებოდა სოხუმი, როცა ბავშვები იყინებოდნენ სვანეთის უღელტეხილებზე, მაშინ ეს ბატონი იყო აფხაზეთში. ბატონ გავრილოვს და სხვა წევრებს, რუსეთის დელეგაციისა, ასევე აკრძალული აქვთ უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა. მათი აქ შემოშვება არის უკრაინის სუვერენიტეტზე მიფურთხება ჩვენი მთავრობის მხრიდან. ამან უკვე გამოიწვია კრიზისი საქართველოსა და უკრაინას შორის“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ოპოზიცია ასევე მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, რომ შეუერთდნენ საღამოს 7 საათზე პარლამენტთან დაგეგმილ აქცია.

„დავიცავთ პარლამენტის დარბაზს ამ დღეს პარლამენტის სპიკერის სკამზე დასვეს რუსი ოკუპანტი, მოვუწოდებ საქართველოს ყველა მოქალაქეს მნიშვნელობა არ აქვს, რომელ პარტიას უჭერთ მხარს, ყველას ვისაც არ გსურთ, იცხოვროთ რუსეთის გუბერნიაში ყველა მობრძანდით 7 საათზე. ღირსების აქცია იქნება,“ - აცხადებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი.

ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ მართმადიდებელ დეპუტატთა ასამბლეის სხდომა იქამდე არ გაგრძელდება ვიდრე რუსი დეპუტატები სხდომათა დარბაზს და საქართველოს არ დატოვებენ.

პარლამენტის ტრიბუნიდან განცხადება გააკეთა ირმა ნადირაშვილმაც, რომელმაც თქვა, რომ როდესაც ნახა ფოტო, სადაც ჩანდა, როგორ ჰქონდა სერგეი გავრილოვს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი, „სიზმარი“ ეგონა.

„ყველა ჩვენგანის მოვალეობაა, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა რუსული ოკუპაციისგან“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავა ტრიბუნიდან პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს, მიიღოს გადაწყვეტილება და გამოაცხადოს, რომ რუსი დეპუტატები ქვეყანაში არ დაიშვებიან. ბოკუჩავა ამბობს, რომ ისინი ზაქარია ქუცნაშვილის მანდატის შეჩერებას ითხოვენ. 

ასამბლეის დამსწრე ევროპელ დეპუტატებს ქართველმა დეპუტატებმა მიმართეს და განუმარტეს ოპოზიციის დემარშის მიზეზი.

 

 

დღის ამბები