26 აპრილი 2024,   15:29
ვრცლად
"ამ სპიკერის სავარძელში უკვე 7 წელია ზის პუტინი" - ნათელაშვილი კობახიძეზე 

იმედია, ეს იქნება იმ პროცესის დასაწყისი, რომელიც მიგვიყვანს ივანიშვილის რეჟიმის სრულ დემონტაჟთან - ეს განცხადება, „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გააკეთა. 

შალვა ნათელაშვილი რუსი დეპუტატების საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა. მისი თქმით, დღეს საქართველომ მთელს მსოფლიოს დაანახა, რომ არ შეეგუება არც ერთი სანტიმეტრი ქართული მიწის ოკუპაციას.

„დღეს მოხდა მთავარი. პუტინმა და ივანიშვილმა თბილისის თავზე ვერ ააფრიალეს წითელი დროშა. ეს არის ამ მაგარი და დიდი ხალხის, ჩვენი საზოგადოების დამსახურება. იმედია, ეს იქნება იმ პროცესის დასაწყისი, რომელიც მიგვიყვანს ივანიშვილის რეჟიმის სრულ დემონტაჟთან, სრულ დეოლიგარქიზაციასთან, როდესაც უზნეობა, კორუფცია, არა პატრიოტიზმი, ტყუილი წავა ქართული საზოგადოებიდან, პოლიტიკიდან, ჩვენი ცხოვრებიდან და რა თქმა უნდა, თავისი კონკრეტული შემსრულებლებით... რაც მთავარია, ამ სპიკერის სავარძელში უკვე 7 წელია, ზის პუტინი, არა მარტო გავრილოვი. პრეზიდენტის სავარძელში პუტინი ზის, პრემიერს სავარძელში პუტინი ზის, სოლოლაკში პუტინი ზის“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატები გუშინ ჩამოვიდნენ. დღეს, ანტიქართული განწყობის მქონე კომუნისტმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვი ასამბლეის წევრებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიმართა.

ამ ფაქტმა საზოგადოების განსაკუთრებული პროტესტი გამოიწვია. ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები სხდომათა დარბაზში დემარშით შევიდნენ და რუს დეპუტატებს სხდომის გაგრძელების საშუალება აღარ მისცეს.

რამდენიმე საათის წინ კი სერგეი გავრილოვსა და მის კოლეგებს სასტუმროც დაატოვებინეს და აეროპორტში გაძლიერებული დაცვის ესკორტით გადაიყვანეს. ისინი საქართველოს დღეს დატოვებენ.

დღის ამბები