ოპოზიციის ულტიმატუმი - დატოვონ თანამდებობები პარლამენტის თავმჯდომარემ, შს მინისტრმა და სუს-ის ხელმძღვანელმა.
ამ წუთებში პარლამენტის წინ განთავსებულ ტრიბუნასთან სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრები სიტყვით გამოდიან. პოლიტიკურ მოთხოვნებს აყენებენ სამოქალაქო საზოგადოების წევრები. ისინი ამბობენ, რომ საქართველოში რუსული ოკუპაციის პირობებში რუსი კომუნისტების, იგივე „ლებედევების“ ჩამოყვანა ხელისუფლებას არ უნდა შერჩეს.
პოლიტიკოსების თქმით, ხელისუფლებისგან ბოდიშის მოხდა, საკმარისი არ არის.
„ივანიშვილი ან გადმოაგდებს სამ ბარტყს, კობახიძეს , გახარია და სუს-ის უფროს, ან ივანიშვილის თავს მოითხოვს საქართველო, ძალიან ცოტა დრო გაქვს,“- მიმართა ირაკლი ოქრუაშვილმა ივანიშვილს.
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა ასევე მოითხოვეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ოღონდ მხოლოდ სრულად პროპორციული სისტემით.
პარალელურად საკანონმდებლო ორგანოში საგანგებო რეჟიმი მოქმედებს. პარლამენტის ყველა კუთხეს ძალოვანების გაძლიერებული შემადგენლობა აკონტროლებს. სამართალდამცველები ტერიტორიაზე ძალისმიერი მეთოდებით მოქმედებისთვის საჭირო სპეციალური აღჭურვილობით არიან მობილიზებული. პარლამენტის შიგნით კი უკვე 9 საათია სამოქალაქო აქტივისტებს და ოპოზიციას სხდომათა დარბაზი ბლოკირებული აქვთ.
ისინი არ აპირებენ შენობის დატოვებას, ვიდრე პარლამენტის თავმჯდომარე, რომელმაც დღეს ოკუპანტი სახელმწიფოს დეპუტატს საკუთარი სავარძელი დაუთმო არ გადადგება.