23 დეკემბერი 2024,   08:00
ვრცლად
კობახიძემ ივანიშვილისგან, სავარაუდოდ, გარანტია მიიღო, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გაამწესებენ

პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან საკონსტიტუციო სასამართლოში - გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ უშუალოდ ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო გარანტია, რომ მას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დატოვების სანაცვლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გაამწესებენ, მანამდე კი ის პარლამენტის წევრად დარჩება. სავარაუდოდ, სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტიც, რომ კობახიძემ თავმჯდომარის პოსტის პარალელურად პარლამენტის წევრის მანდატი არ დატოვა.

ირაკლი კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოში შესაძლო გადანაცვლებას "ქართული ოცნების" ოპონენტები ეხმაურებიან. "ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს კობახიძის თანამდებობიდან გაშვება დიდი ხანია, დაგეგმილი ჰქონდა. 

„ბიძინა ივანიშვილს კობახიძის გადაყენება ისედაც ჩაფიქრებული ჰქონდა, როგორც იცის ჩვენმა მოსახლეობამ და ყველამ ვიცით, იგი გადადიოდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ. ეს გაჟღერდა რამდენიმე კვირის წინ. შესაბამისად, ახლა ამ სიტუაციაში, გავრილოვის ღამის შემდეგ, როდესაც დაასახიჩრეს  ჩვენი თანამოქალაქეები, ამ სიტუაციაში, კობახიძის გადაყენება, მისი თავის გადმოგდება, რაღაც მსხვერპლშეწირვა, ეს არის სისულელე, ამ საკენკს არავინ არ აკენკავს იმიტომ, რომ რეალურად მისი მოშორება ბიძინა ივანიშვილს კარგა ხანია დაგეგმილი ჰქონდა,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი, სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია, გეგმავდა ირაკლი კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოში გადაყვანას, თუმცა ახლა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის თანამდებობიდან მისი გათავისუფლება განვითარებულმა პროცესებმა დააჩქარა.

„ივანიშვილი დიდი ხანია, გეგმავს, როგორც ჩანს, რომ კობახიძე გადაიყვანოს რომელიღაც სასამართლოში, სავარაუდოდ, საკონსტიტუციოში, მაგრამ, ამას ახლა არ აპირებდა, რა თქმა უნდა. ახლა მას მოუწია მისი გათავისუფლება, იმის გამო, რომ ხალხი გამოვიდა გარეთ და იმის გამო, რომ ეს გავრილოვის ამბავი მოხდა. შესაბამისად, ახლა მნიშვნელოვანია, რომ ის მთავარი მოთხოვნები დააკმაყოფილოს ივანიშვილმა, რომელიც ხალხს გააჩნია იმიტომ, რომ კობახიძე, როგორც შეწირული ბარტყი, რა თქმა უნდა, არავისთვის საკმარისი არ არის. ახლა უნდა გადადგეს გახარია და უნდა მოხდეს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

 

 

დღის ამბები