23 დეკემბერი 2024,   21:46
ვრცლად
ხელისუფლება მსჯელობს „რუსთავი 2-ის“ ძალადობრივ აღებაზე - ნიკა გვარამია

"ორმა წყარომ, მათ შორის ერთმა მაღალმა სახელისუფლებომ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს გადაწყვეტილების მიღება რუსთავი 2-ის ძალადობრივი აღების შესახებ დღეს, ღამე. ამ იდეას ჰყავს მოწინაღმდეგეებიც და მომხრეებიც ხელისუფლებაში," - ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე "რუსთავი 2-ის" გენერალურმა დირექტორმა საგანგებო ბრიფნგზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება მსჯელობს „რუსთავი 2-ის“ ძალადობრივ აღებაზე. ნიკა გვარამია მოუწოდებს ხელისუფლებას, არ გაბედოს "რუსთავი 2-ის" ძალადობრივი აღება. 

„ის, რაც ქვეყანაში ხდება ბოლო კვირების განმავლობაში არის რუსული სცენარი, სამწუხაროდ, ქართული ხელისუფლების თანამონაწილეობით. მე ვერ დავადანაშაულებ ყველა ხელისუფლების წარმომადგენელს. მე მგონია, რომ ხელისულების წევრებში არიან საქართველოს პატრიოტები მიუხედავად იმისა, რომ ღრმად არასწორად ხედავენ საკითხებს. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების მთავარი ღერძი არის რუსული ინტერესების გატარება და ამ ღერძის სათავეში დგას ბიძინა ივანიშვილი და რა თქმა უნდა, ხელისუფლებას გარკვეული წარმომდგენლები და პარლამენტის გარკვეული წარმომადგენლები ამ ღერძს  შეადგენენ. ამიტომ რა მიზეზიც არ უნდა აიყოს აქ შემოსვლის, რაც არ უნდა გამოაქვეყნოთ, მაგალითად, ფარული ჩანაწერები და რაღაც ლეგიტიმური ერთი შეხედვით მიზნები, არ გაბედოთ ამის გაკეთება, ამ შემთხვევაში უკვე იმიტომ არა რომელი არხი დაიხურება და ადამიანებს შეეხებით და ა>შ. არ გაბედოთ ამის გაკეტება იმიტომ, რომ ამან შეიძლება ქვეყანაში გამოიწვიოს მწვავედ უმართავი პროცესები, ძალადობა ქუჩებში და, რა თქმა უნდა, ეს შედის ჩვენი მთავარი მტრის, რუსეთის ინტერესებში,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამია მიმართავს ხელისუფლებაში მყოფ პირებს, შეაჩერონ ბიძინა ივანიშვილი. ნიკა გვარამია ბიძინა ივანიშვილს რუსულ პროექტს უწოდებს და აცხადებს, რომ მას არ გაკვირვებია გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე ხილვა.

„კიდევ ერთხელ მივმართავ, ყველა იმ ადამიანს ხელისუფლებაში, ვინც არიან პატრიოტები, არ დაუშვათ ამ გადაწყვეტილების მიღება, არც ამაღამ, არც სხვა რომელიმე ღამეს. "რუსთავი 2-ის" დახურვა და ეთერის ჩაქრობა, ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ თქვენ ადამიანები გააჩეროთ. მიიღებთ გამძვინვარებულ პროტესტებს ქუჩებში, მათ შორის იმათგან, ვისაც არ უყვარს "რუსთავი 2", ეს გამძვინვარებული პროტესტი იქნება გამოყენებული ათასი რჯულის პროვოკატორის მხრიდან და ქართული სახელმწიფოს ბედი ძალიან ბუნდოვანია ამ ვითარებაში. ყველაფერი ისედაც მყიფეა. მე რომ მინდოდეს რევოლუცია და ხელისუფლების შეცვლა და ამ პროცესების ისტერიამდე გაზრდა, მერწმუნეთ, მე ახლა ამ განცხადებას კი არ გავაკეთებდი, კამერებით ჩასაფრებული დაგელოდებოდით და დარბევას და სისხლს გავუშვებდი პირდაპირ ეთერში. და მერე მოხდებოდა სი რასაც თქვენს ენაზე რევოლუცია ჰქვია, მე ამის არანაირი სურვილი არ მაქვს. ხელისუფლების ცვლილების სურვილი მაქვს მაგრამ ამას თავისი წესი აქვს და ეს არ უნდა მოხდეს საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი მას სრულ ჯოჯოხეთში აცხოვრებს, ის არ აპირებს, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წასვლას.

„მე პერსონალური ჩემი პოზიცია მინდა, ვთქვა, მე მხარს ვუჭერ ყველა ლეგიტიმურ და მშვიდობიან აქციას, მე მხარს ვუჭერ და ვმუშაობ იმისთვის, რომ ოლიგარქატი დამარცხდეს, მაგრამ არც ერთი ჩემი ქმედებით და ნაბიჯით მე არც დამიჭერია აქამდე მხარი და არც დავუჭერ რაიმე სახის ინტერესს რომელიც ქვეყანას დააზიანებს,“ - განაცხდა ნიკა გვარამია.

ნიკა გვარამია არ გამორიცხავს, რომ მის წინააღმდეგ გამოქვეყნდეს მორიგი პროვოკაციული ფარული ჩანაწერები. "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ის მზად არის, მივიდეს ნებისმიერ საგამოძიებო უწყებაში, ამიტომ მოუწოდებს ხელისუფლებას, მის დასაკავებლად ნუ შეიჭრება ტელევიზიაში.

„არ არსებობს, ჩემი მხრიდან ხომ გამორიცხულია, მაგრამ არც ჩემი თანამოსაუბრეების მხრიდან, არავითარი საუბრები რევოლუციაზე, სისხლიან დამხობაზე ან სხვა ტიპის ქმედებებზე სახელმწიფოს წინააღმდეგ. მე არც ვმალავ, რომ ვესაუბრები ადამიანებს საქართველოს ფარგლებს გარეთ და მე ვლაპარაკობ კიდევაც ამის თაობაზე ჩემს საჯარო სტატუსებში. თუ მაინც თქვენ ფიქრობთ, რომ მე ვარ ის, ვინც ამ ტელევიზიის საშუალებით ხელს უწყობს რაღაცა ტიპის არეულობას, მე გამოვცხადდები ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადგილას და დავიცავ ჩემს უფლებებს ისე, როგორც საქართველოს მოქალაქე ნიკა გვარამია. მე არ ვაპირებ, ამოვეფარო ტელევიზიას. არ არის საჭირო ამისთვის აქ შემოსვლა. არ გამოიყენოთ ეს მოტივაციად, მითხარით, სად მოვიდე და მოვალ თუ ასეთი გადაწყვეტილება არსებობს,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

დღის ამბები