26 ნოემბერი 2024,   02:27
ვრცლად
თუ დადგინდება, რომ ჩუბინიძე აძლევდა ბრძანებებს, მისი პასუხისმგებლობის დაკისრება იქნება სწორი გზა - გიგაური

თუ დადგინდება, რომ ის აძლევდა ბრძანებებს, რა თქმა უნდა, მისი პასუხისმგებლობის დაკისრება იქნება სწორი გზა - ეს განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა გააკეთა.

ეკა გიგაური აცხადებს, რომ აქციაზე დარბევის დროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს ბრძანებების გაცემის უფლება არ ჰქონდა.

კადრებში კი ჩანს, რომ ანზორ ჩუბინიძე სპეცრაზმს შორის დგას და, სავარაუდოდ, განკარგულებებს იძლევა.

„ჩუბინიძეს ექვემდებარება და ევალება პარლამენტის შენობის დაცვა და ეს არის მისი ფუნქცია. თუმცა, თუკი იგი აძლევდა დავალებებს სპეცრაზმელებს, ეს იქნება პრობლემა იმიტომ, რომ ეს მისი უფლებამოსილება არ არის და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, უნდა დაადგინოს გამოძიებამ. თუ დადგინდება, რომ ის აძლევდა ბრძანებებს, რა თქმა უნდა, მისი პასუხისმგებლობის დაკისრება იქნება სწორი გზა,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

კადრებში ანზორ ჩუბინიძის გამოჩენას ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას“ თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე.

„ზოგადად, არაფორმალური მმართველობისთვის სწორედ ეგ არის დამახასიათებელი, რომ გადაწყვეტილებებს და ფუნქციებს იღებენ ადამიანები, არა იმის მიხედვით, რა თანამდებობები აქვთ, არამედ რა ადგილი უკავიათ მათ არაფორმალური მმართველის კარზე. რაც შეეხება ამ კონკრეტულ სიტუაციას, კადრებში აშკარად ჩანს ეს ადამიანი და მისი როლი და ბუნებრივია, კითხვები მეც ისევე მაქვს, როგორც თქვენ,“ - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

 

ავტორი: მიშა სესიაშვილი 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები