24 დეკემბერი 2024,   16:43
ვრცლად
გიორგი გახარიამ სახელმწიფოს ააცილა დესტაბილიზაციის მცდელობა - საპარლამენტო უმრავლესობა მინისტრის გადადგომის მიზეზს ვერ ხედავს

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა - გადადგეს გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილმა არ შეასრულა. თუმცა მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, ხოლო შს მინისტრის გადაყენების აუცილებლობას საპარლამენტო უმრავლესობაში ვერ ხედავენ. უფრო მეტიც, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ გახარიამ ქვეყანა დესტაბილიზაციას გადაარჩინა.

„გიორგი გახარიამ, როგორც მინისტრმა, შეძლო,რომ სახელმწიფოს ააცილა დესტაბილიზაციის მცდელობა, თუკი საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა, ვინმემ გადაამეტა ძალას ამით უნდა დაინტერესდეს საგამოძიებო ორგანო და თითოეულ ფაქტს შესწავლის შედეგად უნდა მოჰყვეს რეაგირება. ეს არის სწორი პოზიცია და ასეც იქნება,“-განაცხადა ოხანაშვილმა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანი ამბობს, რომ მმართველი გუნდი ყოველთვის ითვალისწინებს საზოგადოების მოთხოვნებს და სწორედ ამიტომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო არჩევნები ნულოვანი ბარიერის პირობებში პროპორციული სისტემით ჩატარდება.

გიორგი გახარია გადადგომის აუცილებლობას ვერ ხედავს ვერც კახიანი. მისი თქმით, ცალკეული პოლიციელების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გამოძიება კონკრეტული პირების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებს დაადგენს.

ბექა ოდიშარია კი ამბობს, რომ ოპოზიციის მოთხოვნების განხილვა უმრავლესობის სხდომაზე არ ყოფილა და კონსესუსი მხოლოდ იმ საკითხზე შედგა,რაც საზოგადოების მოთხოვნა იყო.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით  განცხადება ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. "ქართული ოცნების" ლიდერმა განმარტა, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება, თუმცა ბარიერი 0%-მდე დაიწევს. ანუ პოლიტიკურ პარტიებს არანაირი ბარიერის გადალახვა აღარ მოუწევთ და პარლამენტში ყველა მსურველი პოლიტიკურ სუბიექტი მოხვდება. 

ივანიშვილის განმარტებითვე, ბარიერის გაუქმება ერთჯერადია და 2024 წელს 5% ბარიერი კვლავ დაბრუნდება. 

დღის ამბები