18 აპრილი 2024,   21:08
ვრცლად
ექსკლუზივი: "კურიერმა" მოიპოვა ჩვენებები, რომელიც მელიას საქმეში დევს

საქმე რომელშიც 80% ჯანმრთელობის ცნობებია წარმოდგენილი - ნიკა მელიას სისხლის სამართლის საქმეში იმ ადამიანების ფორმა 100 მოხვდა, რომლებიც დარბევის დროს დაზარალდნენ.

ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა პროკურატურის მტკიცებულებები თითქმის 24 საათიანი დაგვიანებით ჩაიბარა. მელიას უფლებადამცველი ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერის წინააღმდეგ მასალები მთავარ პროკურატურას დღეს ფორსმაჟორში აქვს მოპოვებული.

ადვოკატი ამბობს რომ ჯგუფური ძალადობის საქმეზე გამოკითხული ათეულობით პოლიციელიდან ნიკა მელიას რამდენიმე ახსენებს. ისინი ძირითადად კახეთის სხვადასხვა რაიონის პოლიციის თანამშრომლები არიან. არის კიდევ ერთი საინტერესო გარემოება. ადვოკატისთვის უკვე დადასტურებულია რომ ნიკა მელიას წინააღმდეგ ბრალდების ერთი მოწმე პოლიციელი მანამდე ჩვენებას ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერის დავით კირკიტაძის წინააღდეგ აძლევდა. ის ალექსი ბუიშვილია.

ალექსი ბუიშვილი ამტკიცებს, რომ ნიკა მელია აქციის მონაწილეებს ძალით პოლიციის კორდონის გარღვევას მიკროფონში მოუწოდებდა, თუმცა ამ გამოსვლიდან მელიას რომელი სიტყვა მიიჩნია კახეთის პოლიციის განსაკუთრებულ საქმეთა განყოფილების უფროსმა ძალმომრეობად უცნობია.

ალექსი ბუიშვილთან გასაუბრება "კურიერმა" დღეს ვერ მოახერხა, არაერთი მცდელობის მიუხედავად მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ის არც სახლში დაგვხვდა. მისი ოჯახის წევრებმა კი საუბარი არ ისურვეს.

ნიკა მელიას წინააღმდეგ ჩვენებას კახეთის პოლიციის სხვა თანამშრომლებიც იძლევიან. ერთ-ერთია ირაკლი შაიშმელაშვილი. საგარეჯოს პოლიციის დეტექტივ გამომძიებელი. 20 ივნისს თბილისში ისიც კახეთი პოლიციის დეპარტამენტის ბრძანებით ჩამოიყვანეს. ჩვენებაში ისიც წერს, რომ ადგილზე მყოფი პოლიტიკოსებიდან ვინც იცნო ერთ-ერთი ნიკა მელია იყო. ნაციონალური მოძრაობის ლიდერის გამოსვლა პარლამენტის ეზოში მშვიდობიანად შესვლის თაობაზე მანაც ძალადობისკენ მოწოდებად გაიგო. ნიკა მელიას მიერ აქციაზე წარმოთქმულ სიტყვებს განსხვავებული ინტერპრეტაცია მისცა ჩვენებაში კახეთის პოლიციის კიდევ ერთმა თანამშრომელმა. საგარეჯოს პოლიციის უბნის ინსპექტორ გამომძიებელი დავითი ბარამაშვილი ჩვენებაში წერს:

"ნიკა მელიამ აიღო მიკროფონი ხელში და შეკრებილ ხალხს მოუწოდა რომ ისინი უნდა შესულიყვნენ პარლამენტის შენობაში ყველანაირი გზით". 

საკუთარ ჩვენებებში პოლიციელები ნიკა მელიას მიერ არამხოლოდ მიკროფონში ნათქვამის ინტერპრეტაციას აკეთებენ. ზოგიერთი პოლიციელი უბრალოდ პრივატული საუბრისას გაგებულს წერს. ასეთია ვაკე საბურთალოს პოლიციის პირველი განყოფილების უფროსი დეტექტივის ნიკა დემეტრაშვილის ჩვენება. ირკვევა რომ 20 ივნისს რუსთაველზე ისიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და ნიკა მელიას საუბარი პარლამენტის გვერდით ჭიჭინაძის ქუჩის ჩასასვლელთან გაიგონა.

პროკურატურას ნიკა მელიას წინააღმდეგ პოლიციელების გარდა კოკა ყანდიაშვილის თანამშრომლების ჩვენებებიც აქვს. ადვოკატ კონდახაშვილის ინფორმაციით სააგენტო ეს პერსონას ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ საგამოძიებო უწყებას დაკითხვის თხოვნით ტავად მიმართა.

როგორც ირკვევა სწორედ ყანდიაშვილის ერთ-ერთი ტროლია ნიკა მელიას წინააღმდეგ მთავარი ვიდეო მტკიცებულების ავტორი.

ამავე თემაზე
დღის ამბები