28 აპრილი 2024,   01:14
ვრცლად
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ფუნქციის ამოქმედება შესაძლოა, ოთხი თვით გადავადდეს

სახალხო დამცველი პარლამენტს მიმართავს არ გადაავადოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ფუნქციის ამოქმედება.

ომბუდსმენის შეფასებით, ეფექტიანი გამოძიება დღემდე რჩება ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად. საკითხის გადავადებაზე დღეს იურიდიულ კომიტეტში იმსჯელებენ.

„ეს სამსახურიო შეიქმნა ერთი წლის წინ და ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფომ ვერ გამონახა თანხები რათა ეს სამსახური ამოქმედებულიყო. ჩვენ გავავრცელეთ განცხადება, რომელიც მიზნად ისახავს, მოვუწოდოთ საქართველოს პარლამენტს არ მოახდინოს ამ სამსახურის ამოქმედების გადავადება მანამ, სანამ არ მოხდება დოკუმენტურად შესაბამისი თანხების გამოყოფა სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის სამსახურისთვის,“-აცხადებს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ნაწილი რამდენიმე დღეში უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ის უფუნქციოდ შესაძლოა პირველ იანვრამდე დარჩეს. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ სჯობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოგვიანებით ამოქმედდეს და მას ჰქონდეს მატერიალური ტექნიკური ბაზა.

„არასრულფასოვან მუშაობას სჯობს, გადაუვადდეს და სრულფასოვნად ამუშავდეს ისე, რომ შეუფერხებლად იმუშაოს ამოქმედების პირველივე დღიდან,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურის ფუნქცია, სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება უნდა იყოს. 

დღის ამბები