20 აპრილი 2024,   02:43
ვრცლად
გახარიას გადაგომა არის პრინციპის საკითხი - „ევროპული საქართველო“ თავისუფლების მარშს შეუერთდება

გახარიას გადადგომა არის პრინციპის საკითხი და ამის შეცვლა შეუძლებელია - „ევროპული საქართველო“ თავისუფლების მარშს უერთდება. პარტიის წევრები და მათი მხარდამჭერები სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოვიდნენ, რუსთაველის მეტროსთან იკრიბებიან და აქციის წევრების მოთხოვნებს სრულად იზიარებენ. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა კი კვლავ უცვლელია, გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დაკავებული თანამდებობიდან.

„მე იმედი მაქვს, რომ ბევრი ადამიანი მოითხოვს დღეს გახარიას გათავისუფლებას. ხელისუფლებამ უნდა იგრძნოს დისკომფორტი, ყველა მხრიდან უნდა გავაგებინოთ ხელისუფლებას, რომ როდესაც შს მინისტრმა დაუშვა ასეთი მძიმე შეცდომები, მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. ჩემი მოლოდინია, რომ გახარია, რა თქმა უნდა, წავა. ერთი კვირის წინ საარჩევნო სისტემის ცვლილება და პარლამენტის თავმჯდომარის გადაგომაც შეუძლებელი გვეჩვენებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებას მოუწია დათმობებზე წასვლა. ეს კი იმის გამო მოხდა, რომ ხელისუფლებაზე საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდი ზეწოლაა. ბიძინა ივანიშვილი რაც უფრო დიდ ხანს დატოვებს გახარიას თანამდებობაზე, მით უფრო ქვევით წავა მისი რეიტინგი“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ირმა ნადირაშვილმა.

ნადირაშვილი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი უკვე დისკრედიტირებულია და მისი დაცვით ხელისუფლებაც რეიტინგს იფუჭებს.

„ევროპული საქართველოს“ კიდევ ერთი წევრი აკაკი ბობოხიძე ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, გადააყენოს შინაგან საქმეთა მინისტრი და თავიდან აირიდოს საზოგადოებაში პროცესების გამწვავება.

„ფაქტია, რომ ახალგაზრდები უკან დახევას არ აპირებენ. ბიძინა ივანიშვილს წინ ელოდება შემოდგომა, როდესაც ჩვენი ქვეყნის ყველაზე აქტიური ძალა, ახალგაზრდები, სტუდენტები, თავს მოიყრიან თბილისში. ამიტომ ბიძინა ივანიშვილმა უნდა დააკმაყოფილოს მიტინგის მოთხოვნა და გადააყენოს გიორგი გახარია.

„ქართული ოცნება“ ჩვენ გვამადლის, რომ პასუხისმგებლობით მოიქცა და ირაკლი კობახიძე თანამდებობიდან წავიდა. „ქართული ოცნება“ დაგვიანებით დგამს ნაბიჯებს და მე ვაფრთხილებ ბიძინა ივანიშვილის, რომ დროზე გამოიყვანონ ქვეყანა კრიზისიდან. კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი შანსი არსებობს, გადადგეს გიორგი გახარია“ - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

ბობოხიძის განცხადებით, დესტაბილიზაცია არავის ინტერესში არ შედის, ხელისუფლებას გონივრულად მოქცევისკენ მოუწოდებს და ბიძინა ივანიშვილს ურჩევს, გიორგი გახარია დაკავებული თანამდებობიდან გადააყენოს.

„ევროპული საქართველო“ რესპუბლიკის მოედანზე გადაინაცვლებს და მსვლელობას თავისუფლების მოედნისკენ გაუყვება.

ამავე თემაზე
დღის ამბები