17 მაისი 2024,   15:02
ვრცლად
ეკონომიკური ოკუპაცია - საქართველოს ეკონომიკა რუსეთზეა დამოკიდებული

ეკონომიკური ოკუპაცია, როგორც მავთულხლართების გაგრძელება - „ჰაბ ჯორჯიას“ საგანგაშო დასკვნით, რუსეთისგან მომდინარე ეკონომიკური საფრთხეები სულ უფრო მზარდია. ფინანსური თვალსაზრისით კი, საქართველო თითქმის ყველა სექტორში სწორედ ოკუპანტ ქვეყანაზეა დამოკიდებული.

ჰაბ ჯორჯიას“ ორგანიზებით თბილისში ეკონომიკური კონფერენცია იმართება, სადაც ექსპერტები რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს განიხილავენ. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, კრემლი ფინანსებს ჰიბრიდული ომის იარაღად იყენებს, ეკონომიკურ ოკუპაციას კი ხელისუფლება არაფერს უპირისპირებს.

„უნდა ჩამოყალიბდეს საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ერქმევა ეკონომიკური დეოკუპაცია და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, პოლიტიკურ პარტიებთან კოორდინაციაში, შევიმუშაოთ გრძელვადიანი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, რომელიც იქნება გარანტი ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური  მდგრადობის. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ არათუ ჩვენი ეკონომიკა არ იყოს დამოკიდებული რუსეთზე, არამედ ჩვენი ეკონომიკა იყოს ლიდერი მთლიანად რეგიონში და ანგარიშგასაწევი, მათ შორის რუსეთისთვისაც“, - განაცხადა „ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ვასო ურუშაძემ.

ეკონომისტების შეფასებით, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი სწორი ეკონომიკური პოლიტიკის არსებობაა, რაც საქართველოს საშუალებას მისცემს, აღარ იყოს დამოკიდებული რუსულ ბაზარზე.

„რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება ბოლო წლების განმავლობაში, აისახა ჩვენს ეკონომიკაში. შესაბამისად, ის რისკები, რაც მოჰყვება ამას, მოკლე და საშუალო ვადიანი რისკები, ამ სექტორში არსებულ ბიზნესს, რა თქმა უნდა, ნეგატიურად შეეხება. შესაბამისად, გამოსავალი არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა უნდა გვქონდეს წლების განმავლობაში, რომ ჩვენ შევძლოთ, ავითვისოთ ალტერნატიული ბაზრები და ნაკლებად იყოს ჩვენი ეკონომიკა დამოკიდებული რუსულ ბაზარზე“, - განაცხადა ირაკლი ყიფიანმა.

დღის ამბები