19 აპრილი 2024,   15:15
ვრცლად
"მაგათი ერთი ადგილის თამაშზეა დამოკიდებული, როგორ მოვიქცევი," - ქეთათო პოპიაშვილი აქციის ორგანიზატორებს აფრთხილებს

„როდესაც ოკუპაციას, უსამართლობას აპროტესტებ, შენ თვითონ სხვისი საკუთრების, ინტელექტუალური საკუთრების მაჯლაჯუნა მიმტაცებლად არ უნდა მოგვევლინო, რაღა თქმა უნდა, თუ გინდა შენი გულანთებულობის ვინმეს სჯეროდეს და შენს ქმედებებში თანმიმდევრული იყო,“ - ეს სტატუსი ქეთათო პოპიაშვილს ეკუთვნის.

ირაკლი ჩარკვიანის მეუღლე მიიჩნევს, რომ პარლამენტის წინ "მეფის" შემოქმედების უნებართვოდ გამოყენებით, მისი უფლებები დაირღვა. ქეთათოს არ სურს, რომ ირაკლი ჩარკვიანის ხმა გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციებზე ინტენსიურად ისმოდეს და ამ საპროტესტო ტალღასთან ასოცირდებოდეს.

ქეთათო პოპიაშვილი ამბობს, რომ მან საკუთარ Facebook სტატუსში არა აქციის მონაწილეები, არამედ ორგანიზატორი და, მისი ინფორმაციით, მუსიკის გაშვებაზე პასუხისმგებელი პირი, ლექსო მაჭავარიანი იგულისხმა. ქეთათო არ გამორიცხავს, რომ თუ ირაკლი ჩარკვიანის მუსიკას მისი ნებართვის გარეშე კიდევ გაუშვებენ, აქციის ორგანიზატორების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანოს. 

"როდესაც ერთ უსამართლობას აპროტესტებ, მეორეს არ უნდა ჩადიოდე. ერთ კონკრეტულ მაჯლაჯუნას ეხება ეს, მაღალ, სათვალიან მაჯლაჯუნას. მაგათი ერთი ადგილის თამაშზეა დამოკიდებული, როგორ მოვიქცევი. მე ყველანაირი ბერკეტი მაქვს... თუ გამაღიზიანებენ, გამაბრაზებენ, გაბრაზება მე რომ ვიცი, მაგათ ეგეთი არ დაესიზმრებათ," - აცხადებს ქეთათო პოპიაშვილი. 

ირაკლი ჩარკვიანის მეუღლის პოზიცია მიუღებელია აქციის მონაწილეებისთვის. მომიტინგეები მუსიკოსს სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ.

ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედება მუსიკალური სიიდან აქციის ორგანიზატორებმა უკვე ამოიღეს. ფიქრობდნენ, რომ ჩარკვიანის შემოქმედება ხალხს და უსამართლობაზე გულანთებულ ადამიანებს ეკუთვნოდათ, ამიტომაც არ აიღეს ნებართვა ჩარკვიანის მემკვიდრისგან.

მუსიკოსები ოკუპაციის წინააღმდეგ გაერთიანდნენ. პარლამენტის წინ გამართულ კონცერტში მონაწილეობა ორგანიზატორებმა ქეთათოსაც შესთავაზეს, მაგრამ მან უარი თქვა. სჯერათ, ირაკლი ჩარკვიანი ახლა ცოცხალი რომ იყოს, აუცილებლად იდგებოდა რუსთაველის გამზირზე და აუცილებლად იმღერებდა ”საქართველოს”.

ამავე თემაზე
დღის ამბები