19 მაისი 2024,   12:33
ვრცლად
დამოუკიდებლობის დღე აშშ-ში - ვაშინგტონში ზეიმმა საპროტესტო აქციის ფონზე ჩაიარა

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილმა ზეიმმა ვაშინგტონში საპროტესტო აქციის ფონზე ჩაიარა. დონალდ ტრამპის პოლიტიკა მისმა მოწინააღმდეგეებმა ლინკოლნის მემორიალთან ახლოს გააპროტესტეს. მათ ეროვნულ მოლზე პრეზიდენტ ტრამპის გამოსახულების უზარმაზარი საჰაერო ბურთი გამოიტანეს, რომელიც ბავშვის საფენებში იყო ჩაცმული. ეგრეთ წოდებული "ბეიბი ტრამპი" კონსტიტუციის გამზირთან ახლოს დადგეს.

დამოუკიდებლობის დღის აღლუმის  დასრულების შემდეგ, დონალდ ტრამპის მხარდამჭერებსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის კამათი მოხდა.

ოპონენტების უკმაყოფილება ღონისძიებაში სამხედრო ტექნიკის გამოყენების ფაქტმა გამოიწვია.  მათი განმარტებით, 4 ივლისი სამხედროების დღე არ არის და გარდა ამისა, ამერიკის ბიუჯეტს ეს ძვირი უჯდება.

„მე პატრიოტი ვარ, თუმცა პრეზიდენტი მაინც არ მომწონს. როგორც პატრიოტს, მაქვს პროტესტის უფლება. ჩვენი პრეზიდენტი საშინელებაა. ფული პარკებისთვის უნდა იყოს გამოყენებული და არა მისი ეგოს დასაკმაყოფილებლად - სამხედრო აღლუმის მოსაწყობად,“- განაცხადა აშშ-ს ერთ-ერთმა მოქალაქემ.

წელს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები განსხვავებული იყო. პრეზიდენტის ინიციატივით, დედაქალაქის ცენტრში ამერიკული ტანკები და ჯავშან ტექნიკა გამოფინეს. დონალდ ტრამპმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვითაც მიმართა და სამხედროებს ქვეყნის ერთგული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.დამოუკიდებლობის დღის ცერემონია ტრადიციულად, კაპიტოლიუმთან გამართული კონცერტით და ფეიერვერკებით დასრულდა.

დღის ამბები