19 მაისი 2024,   04:59
ვრცლად
ხალხს თუ რამე აღიზიანებს, არის არამიზნობრივი ხარჯვები და ავტომობილები - მესამე სექტორი ახალ ტენდერს ეხმაურება

შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერს  სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. მთავრობა მზად არის, 9 მილიონი გადაიხადოს 135 მანქანაში, რომელიც 44 სხვადასხვა უწყებისთვის არის განკუთვნილი. სატენდერო წინადადებაში წერია, რომ ავტომობილი შავს გარდა შესაძლოა, ნებისმიერი ფერის იყოს. 

სამოქალაქო სექტორში მიუთითებენ, რომ რა ფერი იქნება ავტომობილი, ამას არ აქვს მნიშვნელობა. მათი თქმით, ხელისუფლება ცდილობს, რომ შავი ფერის ავტომობილზე უარი თქვას, რათა ხალხი ნაკლებად გაღიზიანდეს, თუმცა სამოქალაქო სექტორში მიუთითებენ, რომ მოსახლეობაში უკმაყოფილებას ბიუჯეტის ფულის ხარჯვა იწვევს.

„ფერს რა მნიშვნელობა აქვს, არსებობს ღირებულება, რომელსაც გადასახადის გადამხდელები იხდიან და ჩემთვის აბსოლუტურად სულერთია, შავი იქნება თუ თეთრი. ცხადია, მთავრობას შეიძლება, ეგონოს, რომ თეთრი ფერი უფრო ნაკლებად აღიზიანებს ხალხს, ვიდრე შავი ფერი, მაგრამ ხალხს თუ რამე აღიზიანებს, არის არამიზნობრივი ხარჯვები და ავტომობილები, რომლებიც შეიძლება, სულაც არ იყოს საჭირო,“ - განაცხადა მმართველობის მონიტორინგის ცენტრის ”ფლანგვის დეტექტორის” დამფუძნებელმა, გიორგი ნონიაშვილმა.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელისუფლება ბიუჯეტის ფულით ფუფუნებაზე უარს არ ამბობს.

„მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად იციან, რომ ბევრი პრობლემა, რომელსაც მოსახლეობა აპროტესტებს, მაინც გარკვეულწილად, არის დაკავშირებული ფლანგველობასთან, კორუფციის მაღალ რისკთან, სოციალურ სიდუხჭირესთან, მოსახლეობის ტოტალურ გაღატაკებასთან, ისინი მაინც აგრძელებენ თავიანთვის ფუფუნების საგნებისა და სათამაშოების შეძენას,“ - განაცხადა სახალხო მოძრაობის ”შეაჩერე კორუფცია” დამფუძნებელმა, ქეთევან ენუქიძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები