26 მაისი 2024,   21:43
ვრცლად
ასობით ათასი დოლარი ანაბრებზე და ავტომობილებით ვაჭრობა - ოპოზიცია „ოცნების“ ლიდერებს კოლაბორაციონიზმში ადანაშაულებს

ოპოზიცია „ქართული ოცნების“ ლიდერებს კოლაბორაციონიზმში ადანაშაულებს. თბილისის საკრებულოს წევრი, ლევან ხაბეიშვილი საკუთარი კოლეგების რუსეთის ბანკებთან და კომპანიებთან კავშირზე საუბრობს.

ლაპარაკია "Альфа-Банк"-სა და „როს ბანკში“ შენახულ ასობით ათას დოლარზე და რუსული ავტომობილებით ვაჭრობაზე.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი, თამარ ტალიაშვილი ფულს რუსულ ბანკებში ინახავს. ჯამში, თამარ ტალიაშვილს და მის მეუღლეს რუსეთის "Альфа-Банк"-სა და „როს ბანკში“ 300 ათასი დოლარი აქვთ შენახული.

რუსული "Альфа-Банк" არღვევს საქართველოს კანონს ოკუპაციის შესახებ, თუმცა ეს არ ყოფილა დაბრკოლება, რომ „ოცნების“ დეპუტატს დიდი ფული ამ ბანკში შეენახა და ანაბრიდან სარგებელიც მიეღო.

თამარ ტალიაშვილი არ არის საკრებულოს უმრავლესობის ერთადერთი წარმომადგენელი, რომლის რუსულ ინტერესებსაც ხედავს ოპოზიცია. ლევან ხაბეიშვილი კიდევ ერთ დეპუტატ შალვა ოგბაიძეს ასახელებს, რომლის ბიზნეს პარტნიორი და დეიდაშვილი, გოჩა როსტიაშვილი სახელმწიფოს რუსული ავტომობილებით ამარაგებს.

ოგბაიძე ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მას პირადი ბიზნესი 2010 წლის შემდეგ არ ჰქონია. ასევე განმარტავს, რომ მისი პარტნიორი გოჩა როსტიაშვილი სწორედ ამ პერიოდიდან აღარ არის.

დედაქალაქის მთავრობის მეთაური მისი დეპუტატების რუსულ შემოსავლების გამო უხერხულობას არ გრძნობს. კახა კალაძე დეპუტატების მიერ ბიზნესის წარმოებაში პრობლემას ვერ ხედავს.

რატომ ინახავს ასიათასობით ამერიკულ დოლარს რუსული ბანკის ანგარიშებს - თავად თამარ ტალიაშვილს დღეს განმარტებები არ გაუკეთებია. ის ოფიციალური ვიზიტით ოსლოში იმყოფება, სადაც ევროსაბჭოს კონგრესზე რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის, ყირიმის ოკუპაციას აპროტესტებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები