19 მაისი 2024,   06:06
ვრცლად
ხელისუფლება იაფასიანი მეთოდით ცდილობს ყურადღება გადაიტანოს გადატრიალების არარსებულ სცენარებზე - გიორგი ვაშაძე

20-21 ივნისის ღამის აქციის მონაწილეების დაკავებას და ხელისუფლების ოპონენტების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას, ოპოზიცია ეხმაურება. ხელისუფლების ოპონენტები შერჩევით სამართალზე ამახვილებენ ყურადღებას.

საქმე ეხება როგორც პოლიტიკოსების მიმართ დაწყებულ გამოძიებას, ასევე მომიტინგეების დაკავებას.

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ჯერ შს მინისტრმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და შემდეგ სხვა პირების წინააღმდეგ უნდა დაიწყოს გამოძიება.

„სანამ გახარია არის თანამდებობაზე, ვიღაც ცალკე აღებულზე გადატეხო შენ ის, რაც მოხდა, მათ შორის, მოხდა თვალების დათხრა, აქ კი არა, ქალაქის ცენტრის სხვადასხვა ნაწილში, უბრალოდ, ეს არ გამოგივათ, ძალიან მკაფიოდ თქვეს ორგანიზატორებმა. ეს არის საღი პოზიცია, ეს არ არის პარტიული პოზიცია, ეს არის საღი, სამართლიანი პოზიცია, რაზეც აუცილებლად ვაიძულებთ ხელისუფლებას, როგორც არ უნდა ცდილობდეს, სხვაგან წაიყვანოს, აგოს პასუხი იმაზე, რაშიც არის დამნაშავე,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

„პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველოს” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე კი აცხადებს, რომ ხელისუფლება სახელმწიფო გადატრიალებაზე საუბრით ყურადღების გადატანას ცდილობს.

„ხელისუფლება ძველი, იაფასიანი მეთოდით ცდილობს ვიღაც დაიბაროს, ყურადღება გადაიტანოს გადატრიალების არარსებულ სცენარებზე. ეს არის დინების წინააღმდეგ სვლა და ეს არის ცეცხლთან თამაში, გაცილებით დიდი იქნება ის მუხტი, ამ ცეცხლთან თამაშით, რასაც ისინი მიიღებენ საზოგადოებისგან,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, ჯგუფური ძალადობისთვის აქციის 4 მონაწილეა დაკავებული. ამის პარალელურად კი, პროკურატურა ამბოხების ორგანიზებასაც იძიებს, რა შემთხვევაშიც ძიების ინტერესი ოპოზიციის ლიდერები არიან.

დღის ამბები