19 მაისი 2024,   15:56
ვრცლად
"ზურა ყველანაირ დაცვაზე აცხადებს უარს, ამბობს, რომ ჩემი სიმართლე დამიცავსო" - დაკავებული ბუდაღაშვილის დედა

20 ივნისის გავრილოვის სისხლიანი ღამის შემდეგ მომიტინგეების წინააღმდეგ ფიზიკური ანგარიშსწორებიდან ხელისუფლება უკვე სამართლებრივ ანგარიშსწორებაზე გადავიდა. ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ოთხ მომიტინგეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

გამოძიება აქციის მონაწილეებს ჯგუფურ ძალადობაში ადანაშაულებს. დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.

ახალგაზრდა პოეტის, ზურაბ ბუდაღაშვილის დედამ, მაგული გობეჯიშვილმა არ იცის ზუსტი დრო, როდესაც სასამართლო მისი შვილის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს. მისივე თქმით, ზურაბ ბუდაღაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და უარს აცხადებს დაცვაზე.

„ვიცით ნამდვილად, რომ ბრალი წაუყენეს გუშინ საღამოს და ზურას პოზიცია ის არის, რომ ყველანაირ დაცვაზე აცხადებს უარს. ამბობს, ჩემს თავს მე თვითონ დავიცავ, ჩემი სიმართლე დამიცავსო. მეშინია, სხვისი შვილების, თუკი ჩემი ნათესავები, რომლებსაც ჩემი სისხლი აქვთ ძარღვებში, შორიდან სამძიმარს მეუბნებიან, მე ზურას მეგობრებს, ჩემ გვერდით მდგარს, როგორ ვუთხრა, თავი გაწირეთ და ჩემ გვერდით დადექით, გვივლიან გარშემო, ვხედავთ პოლიციელებს, რომლებიც სახეებს აფიქსირებენ,“ - ამბობს მაგული გობეჯიშვილი.

დაკავებულებს შორის არის 40 წლის ბესიკ თამლიანიც. 20 ივნისს თამლიანი ჯერ კიდევ აქციაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს, რუსთაველის გამზირიდან კი გორის იზოლატორში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს.

ბუდაღაშვილის ეზოში სამართალდამცველები სრული ეკიპირებით და ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულები მოულოდნელად შეიჭრნენ. პროტესტის ნიშნად ბუდაღაშვილმა ადვოკატზე უარი თქვა და ის ბრალს არ აღიარებს.

დაკავებულებს შორის არის 25 წლის მორაგბე ცოტნე სოსელია. ოჯახმა დაკავების შესახებ ჟურნალისტებისგან გაიგო. 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება 39 წლის კახაბერ კუპრეიშვილსაც.

დღის ამბები