20 აპრილი 2024,   12:44
ვრცლად
საქართველოს ეკონომიკას, 2019 წელს 2 მილიარდ ლარამდე შემოსავალი დააკლდება - ტურიზმის ადმინისტრაცია

ჯარიმა, რომელიც პუტინმა გავრილოვის გაძევების გამო, ქართველ ხალხს დააკისრა - ტურიზმის ადმინისტრაციის შეფასებით, რუსული ტურისტული ემბარგოს გამო, საქართველოს ეკონომიკას 2019 წელს 2 მილიარდ ლარამდე შემოსავალი დააკლდება.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, სანქციების გამო მიმდინარე წლის ბოლომდე ქვეყანაში ვეღარ შემოვა 1 მილიონი რუსი ტურისტი.

ემბარგოს პარალელურად კი, რუსეთში დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანია. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ვითარება საკმაოდ მძიმეა, თუმცა ჯერჯერობით, კონკრეტული გამოსავალი არ არსებობს. 

„2019 წლის ბოლომდე, ჩვენ გვქონდა გათვლა, რომ საქართველოში შემოვიდოდა მილიონ 700 ათასი რუსეთის მოქალაქე ტურისტული მიზნით. 2019 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, უკვე შემოვიდა 700 ათასამდე რუსეთის მოქალაქე, შესაბამისად, დღეს ჩვენ გვაქვს გამოწვევა, მილიონ ტურისტზეა საუბარი, რომელიც ეკონომიკურად გადაითარგმნება როგორც ორი მილიარდი ლარის დანაკლისი. პროპაგანდა, რომელიც ხაზს უსვამს იმ მიმართულებას, რომ საქართველო ვითომ არ არის უსაფრთხო მიმართულება და შესაბამისად, მიმდინარეობს აღნიშნული მიმართულებით, ადგილობრივად ძალიან მასშტაბური პროპაგანდა, ჩვენი ძირითადი უმნიშვნელოვანესი ამომავალი წერტილი არის ის, რომ ერთობლივად, მთელს მსოფლიოს დავანახოთ, რომ საქართველო იყო, არის და იქნება უსაფრთხო მიმართულება. გარდა ამისა, ის მიმართულება, რომელიც გულისხმობს, რომ ტურისტულ კომპანიებს ფაქტობრივად, რუსეთში აეკრძალათ საქართველოს პროდუქტის რეალიზება, რომელიც პირდაპირ პროპორციულად ურტყამს ჩვენი კერძო სექტორის ბიზნესის განვითარებას,“ - განაცხადა  მარიამ ქვრივიშვილმა.

 

დღის ამბები