24 დეკემბერი 2024,   06:16
ვრცლად
სამარცხვინოა, როდესაც პრემიერი, პრეზიდენტი, კალაძე, აკეთებენ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის განცხადებას და პასუხობენ ჟურნალისტს - ბობოხიძე

„სამარცხვინოა, როდესაც პრემიერი, პრეზიდენტი, კალაძე, ყველანი ერთად დაწყობილი, აკეთებენ განცხადებას, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის განცხადებას და პასუხობენ ჟურნალისტს,“ - პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრი, აკაკი ბობოხიძე, ქვეყნის პირველი პირების გამოხმაურებებს აფასებს. 

აკაკი ბობოხიძე "რუსთავი 2"-ის გადაცემის P.S.-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას საავტორო მონოლოგს და ამ მონოლოგზე ხელისუფლების რეაგირებას ეხმაურება.

გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს უცენზურო გამონათქვამებით მიმართა, საქართველოს ხელისუფლებამ კი წამყვანი და არხი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დაძაბვაში დაადანაშაულა და შესაბამის ორგანოებს რეაგირება მოსთხოვა. 

ბობოხიძის შეფასებით, გუშინ განვითარებული მოვლენების შემდეგ, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები ცდილობენ, რომ მოსახლეობაში პუტინის შიში უფრო მეტად გააღვივონ.

„გიორგი გაბუნიას განცხადება შინაარსით იყო აბსოლუტურად მიუღებელი, განსაკუთრებით მისი მეორე ნახევარი, მაგრამ ამაზე მეტს აღარ გავაგრძელებ, რადგან ეს არის ცუდი განცხადება, მაგრამ ჟურნალისტის განცხადება. გაცილებით უფრო სამარცხვინო და მავნებლურია ხელისუფლების რეაქცია ყველაფერ ამაზე. სამარცხვინოა, როდესაც პრემიერი, პრეზიდენტი, კალაძე, ყველანი ერთად დაწყობილი, აკეთებენ განცხადებას, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის განცხადებას და პასუხობენ ჟურნალისტს. სამარცხვინოა და უცოდინრობის ზეიმია, სამარცხვინო უცოდინრობის ზეიმია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართვა საერთაშორისო საზოგადოებაზე, რომ შეფასება გააკეთონ და მე არ ვიცი, ახლა გაერო-მ რეზოლუცია უნდა მიიღოს გაბუნიას განცხადებასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა ქნან, მაგრამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მავნებლურია, როდესაც საქართველოს მოსახლეობაში აღვივებენ ისედაც არსებულ შიშს, რომ პუტინმა შეიძლება ამის გამო დაგვღუპოს. პუტინს თუ უნდა საქართველოს დაბომბვა, ის რამენაირად მოძებნის მიზეზს,“ - განაცხადა ბობოხიძემ.

დღის ამბები