18 მაისი 2024,   18:46
ვრცლად
ვის სჯერა ახლა რომ ყოველთვის როცა ხალხი გამოდის, მოძალადე ჯგუფები შემთხვევით ხვდებიან იქ? -შოთა დიღმელაშვილი

ვის სჯერა, რომ კონტრაქცია შემთხვევით იმართება აქ-ამის შესახებ განცხადება ანტისაოკუპაციო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა გააკეთა. მისი თქმით ანტისაოკუპაციო აქცია უკვე მეცხრამეტე დღეა მიმდინარეობს და დღეს შეგნებულად მოხდა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიის დაკავება კონტრაქციის მონაწილეების მხრიდან.

„სამართალდამცავები იყვნენ პუშკინის სკვერში და გვთხოვეს დაგვეცვა დისტანცია. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩვენ მეცხრამეტე დღეა იქ ვდგავართ რუსთაველზე, პარლამენტის წინ. ადამიანები, რომლებიც მეცხრამეტე დღეა უკვე მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებში  გამოხატავენ ერთადერთ მოთხოვნას - "არა ოკუპაციის" სლოგანის ქვეშ.  სამი მოთხოვნა გვქონდა, ორს მივაღწიეთ და ერთი-გახარიას გადადგომა დარჩა. მეცხრამეტე დღეა მანიფესტაციის ამ დროს მოვიდა კონტრაქცია, ამ დროს იყო კომუნიკაცია პოლიციასთან რომ დისტანცია დაიცავით. მაგრამ დისტანცია უნდა დაიცვას კონტრაქციამ. ჩვენ როგორ უნდა მივატოვოთ ჩვენი მეგობრები, რომლებიც ახლა იმ სცენაზე არიან და დინამიკები ვერ შევიყვანეთ, რომ იქ ადამიანებს მივმართოთ. იქით მხარეს ადამიანები არ ვიცი რას ფიქრობენ, ვინ არიან. ჩვენ  ვამბობთ, რომ არა ოკუპაციას! ყოველთვის ასე ხდებოდა, როცა მოქალაქეები სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოდიოდნენ ბოლო წლებში, ყოველთვის იმართებოდა მართული ჯგუფების კონტრაქცია და ყოველთვის მშვიდობიანი მანიფესტანტები ტოვებდნენ ადგილს ყვითელი ავტობუსებით და არა მოძალადე ჯგუფები, ახლაც იგივე ხდება. ვის სჯერა ახლა რომ ყოველთვის როცა ხალხი გამოდის, მოძალადე ჯგუფები შემთხვევით ხვდებიან იქ,“-განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

ამ წუთებში პარლამენტის შენობის წინ ორი აქცია მიმდინარეობს. ერთმანეთისგან მათ სულ რამდენიმე მეტრი აშორებთ.

ანისაოკუპაციო აქციის მონაწილეები რუსულ ოკუპაციას აპროტესტებენ და გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. ხოლო მეორე აქციის მონაწილეები კი რუსთაველის გამზირზე დილიდან იმ მოტივაციით შეიკრიბნენ, რომ ადგილზე პრაიდის აქცია არ გამართულიყო. ისინი ლევან ვასაძის მხარდამჭერებს წარმოადგენენ. მათთან ერთად სასულიერო პირებიც იმყოფებიან, რომლებიც პერიოდულად აქციის მონაწილეებთან ერთად ლოცვას კითხულობენ. 

დღის ამბები