20 აპრილი 2024,   19:24
ვრცლად
პარლამენტთან დაშავებულ თორნიკე ბერიძეს თავზე ნაკერები დაადეს

პარლამენტის წინ დაპირისპირების დროს დაშავებულ 22 წლის თორნიკე ბერიძეს თავზე ნაკერები ადევს. მას ლევან ვასაძის მხარდამჭერებმა თავში ქამარი ჩაარტყეს. ბერიძეს სამი ნაკერის დადება დასჭირდა, ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

თორნიკე ბერიძე ანტისაოკუპაციო აქციის წევრია, თუმცა შეხლა-შემოხლის დროს ის ვასაძის დაჯგუფების მხარეს აღმოჩნდა. ბერიძე ამ დროისთვის ალადაშვილის სახელობის კლინიკაშია.

"კურიერთან" აქციის დროს დაშავებულის ოჯახის წევრები მომხდარს იხსენებენ და ამბობენ, რომ მათთვის უცნობი პირი მოულოდნელად მიუახლოვდათ და თორნიკეს თავში ქამარი ჩაარტყა.

„მივედით ანტისაოკუპაციო მიტინგზე, გახარიას გადადგომაზე, ვიდექით და იქით მხარეს აღარ გადაგვიშვეს. მგონი, იქით დარჩნენ ანტისაოკუპაციო მომიტინგეები, ჩვენ დავრჩით აქეთ. მერე გამოდიოდა მამაო და ვუსმენდით, რას ლაპარაკობდა, ჩემი შვილიც იდგა იქვე, ღია ფერის მაისური ეცვა. ვიღაც მოვიდა დიდი ქამრით, ბალთიანი ქამრით, ჩაარტყა პირდაპირ სახეში, თავში, ისე, რომ აზრზე ვერ მოვედით, რა უნდოდა, ვინ იყო, ჩაარტყა და გაიქცა,“ - ამბობს დაშავებულის დედა.

თორნიკე ბერიძის და ამბობს, რომ ადგილზე სამართალდამცავები საკმაოდ სწრაფად მივიდნენ, თუმცა, შემდეგ, დარჩა შთაბეჭდილება, რომ ისინი საქმეს არაჯეროვნად მიუდგნენ.

„ძალიან სქელი ქამარი ეჭირა, მოვიდა და პირდაპირ ჩაარტყა ჩემს ძმას, გავეკიდე, მინდოდა, რომ ვიდეო ჩამეწერა, მაგრამ უცებ, ძალიან ბევრი ხალხი გადაეფარა, შავებში ჩაცმული, ღიპიანი, მაღალი ტიპები, ვიდეოს გადაღება ვერ მოვასწარი, თუმცა, იმედი მაქვს, რომ პოლიცია გადაიღებს ამ ვიდეოს და აუცილებლად დაისჯება ის ადამიანი, ვინც უმიზეზოდ ჩემს ძმას ჩაარტყა თავში სქელი ქამარი. პოლიცია უცებ მოვიდა, თუმცა, მე დამრჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ძალიან ზანტად მოქმედებდნენ,“ - განაცხადა დაშავებულის დამ.

პარლამენტის წინ ორი აქცია დღის მეორე ნახევრიდან მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოსთან დღეს დილიდან ლევან ვასაძის მხარდამჭერები და სასულიერო პირები იმყოფებიან. ისინი თავდაპირველად „თბილისი პრაიდის“ ჩატარებას აპროტესტებდნენ, თუმცა, შემდეგ უკვე ანტისაოკუპაციო აქციების დასრულდება მოითხოვეს.

ამის პარალელურად, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ანტისაოკუპაციო აქციის წევრებიც იმყოფებიან და კიდევ ერთხელ იმეორებენ იმ მთავარ მოთხოვნას, რასაც 19 დღეა ითხოვენ - გადადგეს შს მინისტრი, გიორგი გახარია.

ამავე თემაზე
დღის ამბები