19 მაისი 2024,   15:48
ვრცლად
"ეს ადგილი მუდმივად იქნება შეხსენება საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ ახალგაზრდების ლეგიტიმურ პროტესტს უნდა მოუსმინონ,"-ნოდარ რუხაძე

ყველაზე ხანგრძლივი პროტესტი კი დღეს ისევ განახლდება, ტრადიციულ დროსა და ადგილზე. ანტისაოკუპაციო აქცია უკვე 22-ე დღეა გრძელდება და მონაწილეები დაშლას არც აპირებენ. ვიდრე გიორგი გახარია თანამდებობას არ დატოვებს, ყოველ დღე რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან და კიდევ ერთხელ ეცდებიან მიაწვდინონ ხმა მთავრობას, რომ 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებლობა გახარიამ უნდა აიღოს და პოსტი დატოვოს. 

"ეს ადგილი მუდმივად იქნება შეხსენება საქართველოს ხელისუფლებისთვის რომ ახალგაზრდების ლეგიტიმურ პროტესტს უნდა მოუსმინონ,"-აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ნოდარ რუხაძე.

რუსთაველზე მიმდინარე შეკრების კიდევ ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი ამბობს, რომ აქციის მონაწილეებმა ყველა რეკორდი მოხსნეს და დანებებას არც ახლა აპირებენ. დიღმელაშვილის თქმით, ის ფაქტი, რომ ხელისუფლება ახლა მათ გვერდზე არ დგას და ევროატლანტიკურ კურსს არ იზიარებს, სამარცხვინოა.

„სამი კვირაა ყველა რეკორდი მოვხსენით და ხელისუფლების იმედები გავამტყუნეთ, რომ ორთქლს გამოვუშვებდით. პირიქით, ყოველდღე უფრო იხვეწება აქცია. იმის ნაცვლად, რომ მხარში გვედგნენ, ევროატლანტიკურ კურსს იზიარებდნენ, ჩვენ გვიწოდებენ მეხუთე კოლონას და სამარცხვინოა! ეს ისტორიიდან არ იშლება, ყველაფერი ჩაწერილია, თქვენს შთამომავლებს შერცხვებათ თქვენ თუ არ შეგრცხვებათ,“- განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით კარვებში რჩებიან მოშმშილეებიც. ერთ-ერთი მოშიმშილე, ადვოკატი ბექა ბასილაია დარწმუნებულია, რომ პროტესტი შედეგს გამოიღებს და შს მინისტრი გადადგება.

„გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურმე გახარია იძახის ინდივიდუალური გადაცდომები იყოო და სპეცრაზმელებს დავსჯიო. ამაზე სამარცხვინო შს მინისტრი შეიძლება ისტორიაშიც კი არ ყოფილა. გახარია აუცილებლად გადადგება და არა მხოლოდ გადადგება, გაიზიარებს ასლან აბაშიძის ბედს,“- განაცხადა ბექა ბასილაიამ.

დღის ამბები