19 მაისი 2024,   15:48
ვრცლად
„გახარია წადი“ - შს მინისტრს, "ტვ პირველის" შენობასთან შეძახილებით დახვდნენ

„გახარია წადი“ - ამ შეძახილებით შინაგან საქმეთა მინისტრს, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ შენობასთან დახვდნენ. ანტიოკუპაციური აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები, რომლებიც გიორგი გახარიას გადადგომას უკვე 22 დღეა ითხოვენ, ტელეკომპანიასთან მივიდნენ. 

გავრილოვის სისხლიანი ღამესა და დამიზნებით ნასროლ ტყვიებზე შს მინისტრი ღია ეთერში დღეს პირველად ისაუბრებს. 

ანტისაოკუპაციო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიგა მაქარაშვილი, რომელიც ტვ "პირველის" შენობასთან მივიდა ამბობს, რომ აქციას გამართავენ ყველგან, სადაც გიორგი გახარია მივა.

„მან ახლოდან გაიგო ჩვენი ხმა, ესე ახლოს არ ყოფილა ჯერ. მანამ ვივლით, ყველგან, სადაც გახარია იქნება, სანამ ნერვები არ უმტყუნებს და წავა. მე ძალიან მეცოდება გახარია, რომელსაც შეიძლება წასვლაც უნდა მაგრამ ვერ მიდის. იმიტომ რომ ეს მისი გადასაწყვეტი არ არის. მაგრამ ჩვენ უფრო პრინციპულები ვართ, ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან პრინციპული დაპირება მიცემული მაკოსთვის, რომელსაც ვუთხარით, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ“ - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

მასკომუნიკაციის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ნინო დანელია აცხადებს, რომ 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს მაქსიმალურად მშვიდობიანად აპროტესტებენ.

„მინისტრი, რომელმაც გაბედა და დათვის მოსაგერიებელი ტყვიებით ინადირა მოქალაქეებზე, ვეღარ უნდა შეძლოს თანამდებობაზე დარჩენა და ყველა შემდეგმა მინისტრმა უნდა იცოდეს, რომ ქართული საზოგადოება აღარასოდეს აღარ დაუშვებს ძალადობას საზოგადოებაზე,“ - განაცხადა ნინო დანელიამ.

ადვოკატი ბექა ბასილაია სამართალდამცველებს მიმართა და განაცხადა, რომ შს მინისტრი მათ სამსახურეობრივ რეპუტაციას ძირს უთხრის. 

„ძალიან საშიშია გახარია საქართველოსთვის, მინდა მივმართო ჩვენს ძმებს, პოლიციელებს, პოლიციელებო, თქვენი ქმედებების ლეგიტიმაციას, თქვენს პიროვნულ და სამსახურეობრივ რეპუტაციას, ყოველდღიურად, ეს კაცი უთხრის ძირს. ამ კაცს აქვს ეს დავალება, რომ რეალურად, საქართველოში ძირი გამოუთხაროს კანონისმიერ ქმედებებს,“ - განაცხადა ბექა ბასილაიამ. 

ტვ "პირველთან" იმყოფებოდნენ სამართალდამცველები. ვითარებას პირადად აკონტროლებდა საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე, ვაჟა სირაძე. 

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებსა და შინაგან საქმეთა მინისტრს შორის ერთგვარი ბარიერი გააკეთეს. 

დღის ამბები