შინაგან საქმეთა სამინისტრო გადასულია ხელისუფლების ოპონენტების პოლიტიკურ დევნაზე. ასე აფასებს ოპოზიცია ოპოზიციური ლიდერების გამოკითხვაზე დაბარებას. მათი თქმით, ხელისუფლება შეთითხნილი ბრალდებებით ცდილობს საკუთარი დანაშაულის ოპოზიციისთვის გადაბრალებას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ მათი მმართველობა, მალე დასრულდება.
„ყველა ის მოქმედება, რომელსაც ახლა მთავრობა ახორციელებს და მათ შორის პროკურატურა, მათშორის შსს, ყველაფერი ეს ცალცალკე და ერთად არებული მეტყველებს იმაზე, რომ ეს არის ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო ჟამი, ბოლო ეტაპი. და აი ამ მონაკვეთში ხდება ხოლმე შეცდომის დაშვება. მთელი ეს პარადოქსალური მოვლენების კასკადი ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ყველანი თვალს ვადევნებთ ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო პერიოდს,“-განაცხადა ენმ-ს წევრმა მურთაზ ზოდელავამ.
ხელისუფლების დასრულებაზე საუბრობს „ევროპული საქართველოც“. სერგო რატიანის თქმით მცდელობა, რომ მათივე დანაშაული სხვა გადააბრალონ „ოცნებას“ არ გამოუვა.
„ჩადენილია დანაშაული და მას უნდა დანაშაული გადაბრალება სხვისთვის. ოღონდ ამ მიმართულებითაც არიან იმდენად უსუსურები, რომ ფაქტობრივად ეს მთელი ოპერაცია კიდევ ერთხელ ამჟღავნებს მათ მძიმე მდგომარეობას და იმას, რომ ეს ხელისუფლება მალე დასრულდება,“-განაცხადა სერგო რატიანმა.
"რესპუბლიკურ პარტიაში" კი ამბობენ, რომ გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ხელისუფლება ოპოზიციური პარტიების დევნაზე გადავიდა.
„ჩვენ დავინახეთ მტკიცებულებებით, ვიდეო ჩანაწერებით, რომ არც შეტევა ყოფილა იმ საღამოს. ამიტომ ჩვენ ვხედავთ რომ ხელისუფლება გადავიდა ოპოზიციური პარტიების დევნაზე,“-განაცხადა თამარ კორძაიამ.