19 დეკემბერი 2024,   05:06
ვრცლად
რუსული ემბარგოს ფასი საქართველოს ხელისუფლებამ 4 მილიარდ ლარად შეაფასა - ანალიტიკოსები დრამატულ რიცხვებს არ იზიარებენ

რუსული ემბარგოს ფასი საქართველოს ხელისუფლებამ 4 მილიარდ ლარად შეაფასა. ეკონომიკის მინისტრი ამტკიცებს, რომ თუ ვლადიმერ პუტინი საქართველოს სანქციებს დაუწესებდა, ქვეყნის თითოეული მოქალაქე ამას საკუთრ ჯიბეზე იგრძნობდა. დრამატულ რიცხვებსა ეკონომიკის სფეროს ექსპერტები და ანალიტიკოსები არ იზიარებენ.

კვლევითი ცენტრის GALT&TAGGART-ის ინფორმაციით, 2019 წლის 5 თვის მონაცემებით, რუსეთიდან გზავნილები მთლიანი გზავნილის 24.7%-ია. რუსეთში გატანილი პროდუქციის წილი ექსპორტში - 14.9%, ტურიზმი - 21.6%. რაც შეეხება რუსულ ინვესტიციებს, ის უმნიშვნელოა და მთლიანი შიდა პროდუქტის 0.2%-ს შეადგენს. საერთო სურათი კი ასეთია - რუსული წილი ქართულ ეკონომიკაში 10%-ია. კიდევ უფრო დაბალი იყო ეს რიცხვები გასული წლის მონაცემებით, რაც ეკონომისტებს იმის თქმის საშუალებას აძლევს, რომ საქართველოს ეკონომიკა რუსული ემბარგოს პირობებში არ ჩამოიშლებოდა.

თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების ათვისების დაბალი ტემპი, მაღალი გადასახადები, არასტაბილური ეკონომიკური გარემო და ბიუროკრატია - ეს არის მიზეზები, რის გამოც, ოპოზიციის შეფასებით, ქვეყანაში ეკონომიკა ვერ ვითარდება, ხელისუფლება კი სწორედ ამ ვითარების შეცვლაზე უნდა ზრუნავდეს. მათი აზრით, რუსული ბაზრისკენ მიმავალი გზა ხაფანგია, რომელშიც შესული მეწარმე მოულოდნელი დარტყმებისთვის უნდა მოემზადოს.

2018 წელს საქართველოდან ექსპორტზე სულ 196, 945 მილიონი დოლარის ღვინო გავიდა. ექსპორტზე გატანილი ღვინის, დაახლოებით, 59% რუსეთზე მოდის, ანუ 2018 წელს რუსეთში 116 მილიონი დოლარის ღვინო შევიდა. ანალიტიკოსების ნაწილის აზრით, 2006 წლის ემბარგოს შემდეგ ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე ასეთი მაღალი რიცხვით დაბრუნება, რუსეთში ღვინის გატანის და გასაღების სიმარტივესთან ერთად, სხვა ბაზრების დივერსიფიცირებაზე ხელისუფლების ნაკლები მუშაობით აიხსნება.

რუსულ ბაზარზე აქტიურად იყიდება ბორჯომი, რომელსაც ამ დროისთვის რუსული მფლობელები მართავენ. რაც შეეხება ნაბეღლავს, კომპანიამ უკვე განაცხადა, რომ რუსული ემბარგო კომპანიას სერიოზულ დარტყმას ვერ მიაყენებს.

ანალიტიკოსების დასკვნით, ხელისუფლება ამ წლების განმავლობაში რუსულ ეკონომიკაზე გაზრდილ დამოკიდებულებას საფრთხედ არ აღიქვამდა. პირიქით, ფულს ხარჯავდა, რომ ტურიზმის რუსულ ბაზარზე უფრო მეტად ყოფილიყო დამოუკიდებული. ანალიტიკოსების აზრით, მთავრობამ ასობით ათასი ლარი რუსეთის სახელწმიფო ტელევიზიებში რეკლამაზე გადაიხადა, იმის ნაცვლად, რომ ეს თანხა ახალი ტურისტების მოსაზიდად მიემართა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები