19 მაისი 2024,   11:45
ვრცლად
კიევში ტელეარხ „112 უკრაინას" შენობას ხელყუმბარა ესროლეს

თავდასხმა უკრაინულ ტელეარხზე კიევში - „112  უკრაინას" შენობას დაუდგენელმა პირებმა ხელყუმბარა ესროლეს. თავდასხმა გამთენიისას მოხდა. არხის ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. სამართალდამცველებმა თავდასხმა ტერაქტად შეაფასეს.

გამოძიებას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აწარმოებს. ძალოვანების ინფორმაციით, დამნაშავეების ძებნის ოპერაცია უკვე დაწყებულია. დანაშაულის მოტივზე გამოძიება არ საუბრობს.

ტელეარხის ხელმძღვანელობა კი ბოლო პერიოდში თანამშრომლების მისამართით გახშირებულ მუქარებზე მიანიშნებს და უსაფრთხოების სამსახურს რადიკალური ჯგუფებისგან კოლექტივის დაცვას სთხოვს.

თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე ტელეკომპანიამ საგანგებო განცხადებაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ რადიკალური ჯგუფები თავს ესხმიან არხის თანამშრომლებს და დაშინებისა და მუქარის გზით არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ცდილობენ.

 

ადგილობრივი პოლიციის ფოტომასალას "unian" ავრცელებს. 

დღის ამბები