18 მაისი 2024,   17:59
ვრცლად
საღეჭი რეზინით მოდარდიმანდე ფიგურა, არ გაგივათ, ბატონო მინისტრო! - აქციის მონაწილეები პროტესტს აგრძელებენ

აქციის მონაწილეები გიორგი გახარიას გადადგომას კვლავ უცვლელ მოთხოვნად აყენებენ. დღეს პროტესტის უკვე 24-ე დღეა. ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები 20 ივნისის სისხლიანი ღამის შედეგებს აპროტესტებენ. ისინი პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა მინისტრს აკისრებენ. პარლამენტის წინ შეკრებილებმა გუშინ აქციის მონაწილეებს მიმართეს. 

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მომხდარის შემდეგ მას უკვე მორალური უფლება აღარ აქვს ძალოვანი უწყების სათავეში იდგეს.

„რაც შეეხება შს მინისტრს, ეს რაღაცა საკუთარ ძალებში დარწმუნებული, საღეჭი რეზინით მოდარდიმანდე ფიგურა, არ გაგივათ, ბატონო მინისტრო. თქვენ გქონდათ შანსი, მაგრამ კრიზისებს ვერ გაუმკლავდით. პირველივე სერიოზულ კრიზისზე სისხლი დაიღვარა. თქვენ უნდა გადადგეთ“, - აცხადებს აქციის მონაწილე.

აქციის მონაწილეები გიორგი გახარიას გუშინდელ ინტერვიუსაც ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლა ბოლშევიზმის გამოხატულება იყო.

„რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ, ეს არის ბოლშევიზმის ნათელი გამოვლინება. ეს არის ზუსტად იმ რუსული იმპერიალიზმის საძაგელი სახე, რომელიც ჩვენ გუშინ ამ ეკრანზე ვიხილეთ ამიტომ ჩემი ვალია, რომ ვიდგე აქ და ყველას ვალია, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოვაშოროთ ამ ქვეყნიდან ეს ბოლშევიკები“, - განაცხადა აქციის მონაწილემ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიგა მაქარაშვილის განცხადებით, პროტესტის მონაწილეები მოთხოვნების შესრულებამდე დაშლას არ აპირებენ და პარლამენტის შენობასთან იმდენ ხანს იდგებიან, სანამ შინაგან საქმეთა მინისტრი პასუხისმგებლობას არ აიღებს ძალადობრივ ქმედებებზე.

„დაშლა არ იქნება იმიტომ, რომ მოდიხართ ისე, რომ არავის დაძახება არ გჭირდებათ, ეს არის სამსახური, მოვდივართ იმიტომ, რომ გვაქვს მიზანი, რომელიც მართალი, მაგარი და ძლიერია და რაც უდრო დიდხანს არ წავა ეს კაცი, მით უფრო გავძლიერდებით. სექტემბერში, როცა შეივსება ქალაქი და ამ ქალაქში 2 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს უკვე, იმდენი მოვალთ, ბატონებო, რომ გახარიას გადადგომა აღარ გიშველით.  რა ვიცი, კარგად დაფიქრდით ბატონო ბიძინა“, - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

აქციის მონაწილეები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. 

„ის ადამიანი ააყროლებს უკვე ყველაფერს, იმ ადამიანის სახელი არის ვირეშმაკა აფერისტი და ის არ არის ღირსი, რომ ჰქონდეს ქართული, მეგრული გვარი, გახარია აღარ არის მისი გვარი, ის არის გიორგი რუსი“, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, დათო გაბუნია. 

დღის ამბები