18 მაისი 2024,   20:16
ვრცლად
"უხამსობა ტეხავს!" - რუსთავის საკრებულოსთან აქცია გაიმართა

"უხამსობა ტეხავს!" - რუსთავის საკრებულოს შენობის წინ აქცია გაიმართა. "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმა საკრებულოს თავმჯდომარე, ლევან ონიანი Facebook-ზე გაკეთებული იმ კომენტარის გამო გააკრიტიკეს, რომელიც ინგა გრიგოლიას და გიორგი გახარიას ტელეინტერვიუს ეხება.

“ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის“ – წერს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი Facebook პოსტის კომენტარებში.

მისმა კომენტარმა საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურა. აქციაზე შეკრებილები ონიანისგან ბოდიშის მოხდაას ითხოვენ.

„სირცხვილია საკრებულოს თავმჯდომარის ასეთი უხეში და დისკრიმინაციული შეფასება. სირცხვილია შემდგომ მისი უტიფარი ტყუილი, რომ ის, თითქოს, სხვას გულისხმობდა მას შემდეგ, რაც მოჰყვა საზოგადოების მწვავე, სამართლიანი აღშფოთება, ვისაც არ უნდა გულისხმობდეს, ზოგადად, ასეთი დამოკიდებულება სირცხვილია. სირცხვილია, როდესაც საჯარო მოხელე აღფრთოვანებულია საკუთარი ლიდერის გამოსვლით, რაც არ უნდა კატასტროფა ყოფილიყო ეს გამოსვლა და ნამდვილად ასე იყო გიორგი გახარიას გამოსვლა, მაგრამ ეს სხვა საკითხია, აფასებს, რომ ის უკონტაქტოდ აუპატიურებს. ასეთი ძალადობრივი აზროვნება სირცხვილია და ზოგადად, სირცხვილია, ამდენი შემთხვევითი პირის ამხელა თანამდებობებზე ყოფნა,“ - განაცხადა აქციის მონაწილემ.

"კურიერთან" სატალეფონო ინტერვიუში საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ აღნიშნული კომენტარი მისი მეგობრის მიმართ იყო გაკეთებული და არა გადაცემის წამყვანის მისამართით.

„ძალიან ჩვეულებრივი ლოგიკაა ის, რომ მე და ჩემი მეგობარი ნათია პირადად მიმოწერაში რაღაცას ვეხუმრებით, ის, რაც მე და მან გავიგეთ, ეს ჩვეულებრივია ინტერნეტსივრცეში. მგონია, ნამდვილად არ აქვს ინგა გრიგოლიას სახელ ინგაზე ექსკლუზივი. მე რა ვიგულისხმე, იცის ნათიამ, ვიცი მე და იცის ჩვენმა მეგობარმა, ეს არის ხუმრობა, ეს არის პირადი მიმოწერა. მე პირდაპირ გეუბნებით, ინგა გრიგოლიას არ ვგულისხმობდი,“ - განაცხადა ლევან ონიანმა.

 

დღის ამბები