18 მაისი 2024,   11:33
ვრცლად
დოლაბაურის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მუშა არასრულწლოვანი იყო

თბილისში, დოლაბაურის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მუშა არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი იყო. შრომის კოდექსი კი მომატებული საფრთხის შემცველ ობიექტებზე არასრულწლოვანების მუშაობას კრძალავს. არასრულწლოვანმა მშენებარე ობიექტზე მუშაობა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ის ლიფტის შახტში ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

„ლიფტიდან ჩავარდა დაბლა, პირველ სართულზე. არ ვიცი რამდენი წლის იყო, ახალგაზრდა იყო,“-ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები.

ადგილზე პოლიციის თანამშრომლები და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან. ობიექტი შეამოწმა შრომის ინსპექტორმაც. მაია მიქაიას თქმით, უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ დარღვეულია უსაფრთხოების ნორმები.

„უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მიმდინარეობდა სამუშაოები. ამის დამადასტურებელია თუნდაც ის რომ სხვა დასაქმებულებმა ვერ წარმოადგინეს თუნდაც ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომლითაც უნდა განხორციელებულიყო სამუშაო. და ასევე სწავლების ნაწილზეც გაკეთდა ზოგადი კომენტარი სხვა დასაქმებულების მხრიდან რომ მათ მხოლოდ ზეპირად უტარდებოდათ შესაბამისი ინსტრუქტაჟები.  ველოდებით შესაბამის დოკუმენტაციას, აუცილებელია, რომ გავეცნოთ სრულყოფილად და შემდგომში სრულყოფილი დასკვნა დავდოთ. დამსაქმებელი ვალდებულია, რომ არ დაასაქმოს თავის ობიექტზე მომატებულ საფრთხის შემცველ, მძიმე და საშიშ პირობებიან სამუშაოებზე არასრუწლოვანი პირები,“-განაცხადა მაია მიქაიამ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები