18 მაისი 2024,   16:00
ვრცლად
"ჰგონიათ, რომ თავისუფლების ბოლო ბასტიონი დაამარცხეს" - ოპოზიცია ხელისუფლებას "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით უკანონო გადაწყვეტილებისგან თავის შეკავებას ურჩევს

"რუსთავის 2"-ის მეწილეების დაჩქარებული შეცვლა და ამ გზით არხის გადაცემა ხელისუფლებისთვის, დაუშვებლად მიაჩნიათ ოპოზიციაში. როგორც "ქართული ოცნების" ოპონენტები ამბობენ, ესაა ბოლო ნაბიჯი რუსული ყაიდის დიქტატურისკენ.

"მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ მანიპულაცია არ გააკეთოს სტრასბურგით და არ შეეცადოს მყისიერი გადაწყვეტილებებით ჩაერიოს ამ ტელეარხის დამოუკიდებლობის ხარისხში. ვგულისხმობ იმ განცხადებებს, რაც დღეს გაკეთდა, გვესმის რომ უნდათ შეცვლა ტელეარხის დირექტორის, რაც ნიშნავს, სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებას. მათ შორის ვხედავთ, რომ რუსეთის მხრიდან არის აქტიური პროპაგანდა ამ არხის წინააღმდეგ. რეალურად ეს არის ასევე საყრდენი პროდასავლური პოზიციების საქართველოში. მე ვფიქრობ, ჩვენ უნდა მივცეთ შესაძლებლობა სამართლებრივ პროცესს, რომ წავიდეს ბოლომდე. გასაჩივრდეს ეს გადაწყვეტილება იმ ნაწილში რომელშიც შეიძლება გასაჩივრდეს,"-აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის"ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი.

ზაალ უდუმაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, დიდი პალატის გადაწყვეტილებამდე არანაირი ხელოვნური ჩარევა არ მოხდეს "რუსთავი 2"-ში. მისი თქმით, ეს იქნება უკანონო და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა.

„რუსთავი 2“ არ არის კონკრეტული ადამიანის მფლობელობაში. "რუსთავი 2" ეკუთვნის საქართველოს მოსახლეობას, ის გაცილებით დიდია ვიდრე ტელევიზია, "რუსთავი 2" არის ის ხვრელი, რომლითაც ქვეყანაში შემოდის დემოკრატიის სხივი,“-აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

ხატია დეკანოიძის თქმით, აუცილებელია ყველა ბერკეტი ამოიწუროს. დეკანოიძე ამბობს, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრდება და ამ პერიოდში მფლობელის შეცვლა უკანონო იქნება.  

ვიღაცეებს ჰგონიათ, რომ თავისუფლების საბოლოო ბასტიონი დაამარცხეს, მაგრამ ეს ასე არ არის. მარტივია, ამ ქვეყანაში ივანიშვილის გარდა არსებობს კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი, ხალხი, რომლისთვისაც "რუსთავი 2" არის თავისუფალი სიტყვა,“-ამბობს დეკანოიძე.

დღის ამბები