23 დეკემბერი 2024,   20:28
ვრცლად
წულუკიანი ორგზის დამნაშავეა... "რუსთავი 2" ისე გადააფორმა, როგორც ოროთახიანი "ხრუშჩოვკა" - ნიკა გვარამია

საჯარო რეესტრის მიერ ქიბარ ხალვაშის ადვოკატის სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად დანიშვნას ნიკა გვარამია ეხმაურება. გვარამიას განცხადებით, თეა წულუკიანმა დღის განმავლობაში ორი დანაშაული ჩაიდინა.

„წულუკიანი ორგზის დამნაშავეა ერთი დღის განმავლობაში, თან სპრინტერული წესით ამყარებს დანაშაულებს, დანაშაულების ჩადენის სტატისტიკა აქვს საოცარი. სერიოზული ტემპი აქვს აკრეფილი. ასეთი აკრეფილი ტემპით ალბათ, გაუშვებს შემდეგი ხელისუფლება ციხეში, იქნება შემდეგი ხელისუფლება ცხადია, იქნება პროდასავლური, აღარ იქნება ბიძინა ივანიშვილი,“ - განაცხადა გვარამიამ.

ნიკა გვარამიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. ასევე, გვარამიასთვის მოულოდნელი არის ის თავშეკავება, რასაც დასავლელი პარტნიორები იჩენენ.

„მანამდე რა მოხდება, ამას ცოტა ხანში ვეტყვით საზოგადოებას, ამას ცოტა დაფიქრება გვჭირდება, იმიტომ, რომ დამაბნეველი იყო სტრასბურგის საოცარი გადაწყვეტილება, პირდაპირ კომენტარი არ მაქვს. დამაბნეველია ჩვენი დასავლელი პარტნიორების, ჯერჯერობით, თავშეკავება, რომელიც არ მიმაჩნია გამართლებულად, თუმცა, შეიძლება ვცდები, ამ საკითხში მაინცდამაინც კომპეტენტური არ ვარ. თუმცა, ველოდებით, იმედი გვაქვს რომ რაიმე იქნება. თუმცა, სრულიად არადამაბნეველი და გასაგებია, ლავროვის და პუტინის მოთხოვნითაც კი ბიძინა ივანიშვილის მიერ დახურვა მისი მთავარი საძულველი არა არხის, არამედ მთავარი საძულველი მიზნის, ამ ქვეყანაში მას უფრო საძულველი არაფერი არ ჰქონდა, ვიდრე "რუსთავი 2"-ის. ეს ზუსტადაც რომ გასაგებია, მაგრამ ის ორი ფაქტორი, რაზეც გითხარით, ის ცოტა დამაბნეველია. მაინცდამაინც ვერ ჯდება ჩემთვის იმ ფასეულობებთან, რომელსაც მთელი ცხოვრება ვემსახურები. იმედი მაქვს, რომ შევძლებ რაღაცნაირად ჩამოვაყალიბო, არ ჩამომეშალოს ეს ფასეულობათა სისტემა და გადავიდე სწორი გადაწყვეტილებების მიღებაზე. მოცემულობას ჩვენ შევეგუეთ ეგრევე, გადაწყვეტილებას სრულიად არ დავეთანხმეთ, მაგრამ გამოვიყენეთ ის ხვრელები, რომელიც იყო ამ გადაწყვეტილებაში, იყო კონტრაქტში, მაგრამ ეს საქართველოს ხელისუფლებისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც წვიმა, რომ წამოვა ამბროლაურში, მაგალითად. აბსოლუტურად იდენტური დამოკიდებულება აქვს იმ საკითხისადმი და ამ ქვეყნის მთავარი და გადამწყვეტი მედიის მიმართ, ისე გადააფორმა, როგორც 2-ოთახიანი "ხრუშჩოვკა", ერთ საათში, ამას მიაყოლა ერთ საათში მენეჯმენტის შეცვლა, მიუხედავად იმისა, რომ მიმართა მა ქვეყნის ყველაზე კომპეტენტურმა ჟურნალისტურმა გუნდმა,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას თქმით, სამართლებრივი ბრძოლა გაგრძელდება, თუმცა, როგორი იქნება „რუსთავი 2“-ის მდგომარეობა, ამ კითხვაზე, მისი თქმით, პასუხი არ არსებობს.

„ვერ ვიტყვი იმას, რომ სტრასბურგის სასამართლოს ეს ველი არ მოუსუფთავა საქართველოს ხელისუფლებას, კი ბატონო, მოუსუფთავა და ვერ გეტყვით იმას, რომ ჯერჯერობით, რამე შემაკავებელი ბარიერები ჩვენმა ყველაზე მნიშვნელოვანმა პარტნიორებმა, ვისაც შეუძლია პროცესებზე ზემოქმედება ეფექტიანად და მხოლოდ მათ შეუძლიათ, რომ ჯერჯერობით რამე შემაკავებელი ბარიერები დადგა.

„იმედი მაქვს, რომ ჩვენი გასაჩივრებული საქმე სტრასბურგში წარმატებით დასრულდება და ეს ბარიერებიც აქ დაიდგმება, მაგრამ ეს იმედი განხორციელდება რამდენიმე თვის შემდეგ, მანამდე როგორი იქნება „რუსთავი 2“-ის მდგომარეობა და ზოგადად, მედიის მდგომარეობა და დემოკრატიის, ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს.

„კონტრაქტზე მე ვიდავებ ჩვეულებრივად და მოვიგებ, მაგრამ ეს იქნება რამდენიმე თვის თუ წელიწადის ან წელიწადნახევრის მერე არა, მოვიგებ 5 მილიონს ოდესღაც, ჩავდებ ახალ ტელევიზიაში, მაგრამ ჯერ ეს სიტუაციის შემცვლელი ვერ იქნება, ვიდავებ, წავალ, მაგრამ ამას სჭირდება დრო.

„რაც შეეხება "რუსთავი 2"-ს, "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშის იქნება მხოლოდ იმ ვადით, რა ვადითაც არის ეს ხელისუფლება ქვეყნის სათავეში, ზუსტად ერთ დღეში ეს სიტუაცია აბსოლუტურად ამოტრიალდება, ქიბარ ხალვაში სად ამოტრიალდება, ეს მგონი, არ არის რთული საპროგნოზო,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები