24 აპრილი 2024,   18:58
ვრცლად
იულია სუსლიაკს საქართველოში შემოსვლაზე უარი მეორედ უთხრეს

იულია სუსლიაკს საქართველოში შემოსვლაზე უარი მეორედ უთხრეს. უკრაინის მოქალაქე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმყოფება.

საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის მიზეზად სასაზღვრო გამშვები პუნქტის მიერ გაცემულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სუსლიაკის მიერ საზღვრის კვეთა ქვეყნის უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს შეუქმნის საფრთხეს.

„ოფიციალური მიზეზი არის ის, რომ მე ვითვლები საქრთველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ. ჩემი ადვოკატების მიერ ოფიციალური ბრიფინგი ხვალისთვის იგეგმება,“-აცხადებს იულია სუსლიაკი და ასახელებს იმ გვარებს, რომლის გაჟღერებასაც ის თავად გეგმავდა მის საქმესთან მიმართებაში. სუსლიაკის თქმით, ესენი არიან პროკურორები, თეა გიორგაძე და მარიამ გოგორელიანი.  

შეგახსენებთ, რომ გვიან ღამით, როდესაც ის ბაქოდან თბილისში მატარებლით ბრუნდებოდა, მოულოდნელად მატარებელი გააჩერეს. როგორც "კურიერს" სუსლიაკის მეუღლე უყვება, ორმა უცნობმა პირმა სუსლიაკი მატარებლიდან ჩამოიყვანა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

სუსლიაკი საქართველოში კონსულტაციებისთვის ბრუნდებოდა. იგი ხვალ ბრიფინგის გამართვასაც გეგმავდა, რომელზეც აპირებდა დაესახელებინა ის პირები, ვინც მისი თქმით, საქმეში ჩართული იყო, მას აყალბებდა და სუსლიაკზე ზეწოლას ახორციელებდა.

შეგახსენებთ, რომ იულია სუსლიაკის საქმე შეწყვეტილი არ არის და ის გამოსაძიებლად სრულად გადაეცა უკრაინის მხარეს. თავად სუსლიაკი კი ამბობს, რომ ის უკრაინაში არ დაბრუნდება, სანამ საქართველოში არ აღადგენს სამართლიანობას და მის შელახულ რეპუტაციას.

დღის ამბები