15 ოქტომბერი 2019,   06:47
ვრცლად
სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა - "რუსთავი2-ის" ჟურნალისტები დიპლომატებსა და საერთაშორისო წარმომადგენლობას შეხვდნენ

დიპლომატიური კორპუსი, არასამთავრობო სექტორი და საერთაშორისო ორგანიზაციების ქართული წარმომადგენლობა „რუსთავი 2-ში" იმყოფებიან. არხის ჟურნალისტები სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის პირველივე მცდელობას კონკრეტული ნაბიჯებით პასუხობენ.

ქიბარ ხალვაშის დღევანდელი განცხადება, სადაც ის არხის მუშაობას დესტრუქციად აფასებს და ღიად მიანიშნებს, რომ მისთვის არსებული სარედაქციო პოლიტიკა მიუღებელია, ჟურნალისტების მიერ აღიქმება, როგორც ცენზურის დაწესებისა და კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობა.

„მას შემდეგ, რაც ქიბარ ხალვაში გახდა "რუსთავი 2-ის" მფლობელი, დღეს პირველად მან გააკეთა ისეთი განცხადება, რომელიც იყო პირდაპირი მინიშნება სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის. მან თქვა, რომ "რუსთავი2-ის" ჟურნალისტები არიან დესტრუქციულებიახირებულები და ბუნებრივია, ის გულისხმობდა ჟურნალისტურ პროდუქტს, რომელიც მან იხილა შაბათ-კვირის განმავლობაში "რუსთავი2-ის" ეთერში. პირველად მისი განცხადება არის პირდაპირი საფრთხე "რუსთავი2-ის" სარედაქციო დამოუკიდებლობისთვის.

ვფიქრობ, ეს გზავნილი უნდა მივიდეს ყველა იმ ადამიანთან,ორგანიზაციასთან, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოში პლურალისტული მედიაგარემოს შენარჩუნება,“ - აცხადებს მასკომუნიკაციის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ნინო დანელია.

როგორც ანალიტიკოსი პაატა გაფრინდაშვილი ამბობს, ქიბარ ხალვაშის წერილში ჩანს სწორედ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის საფრთხე. მისი თქმით, ნებისმიერი მცდელობა, რომელიც არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას განაპირობებს, აღქმული იქნება, როგორც მიზანმიმართული ჩარევა.

„ქირურგიული ხელთათმანით შეეცდებით თუ ჯალათის ხელთათმანით ამის მიღწევას, შედეგი იგივე იქნება, მთავარია, არ იქნას დაშვებული არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა. თუ ასეთი ნაბიჯები გადაიდგმება, რა თქმა უნდა, შეფასებული იქნება არხის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა, იქნება ეს ფინანსური პრობლემებით, შესაძლოა, არსებობდეს ფინანსური პრობლემები, მაგრამ ფინანსური პრობლემებით, გარკვეულწილად, არხის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა ასეთი რაღაც ბევრი შეიძლება იყოს,“ - ამბობს ”საქართველოს რეფორმების ასოციაციის” (GRASS) დირექტორი პაატა გაფრინდაშვილი.

"მედიის განვითარების ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი თამარ კინწურაშვილი აცხადებს, რომ არხის მფლობელის შეცვლიდან პირველივე კრიტიკული გადაცემების შემდეგ გაჩნდა ქიბარ ხალვაშის წერილი, სადაც ცალსახაა სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა. 

ჟურნალისტი ზვიად ქორიძე კი ამბობს, რომ ქიბარ ხალვაშის განცხადებაში პირდაპირ ნათქვამია, რომ მას უნდა სარედაქციო პოლიტიკა შეცვალოს. ქორიძის თქმით, სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა ნიშნავს, რომ არხი დაამსგავსოს ისეთ კომპანიებს, რომელიც ემორჩილება ხელისუფლებას და ასეთი კომპანიების სიმცირე არ არსებობს.

ფონდ ”ლიბერალური აკადემია თბილისის” დირექტორი ლაშა ტუღუში აცხადებს, რომ "რუსთავი2" სარეკლამო ბაზარზე მყარად წარმოდგენილი ტელევიზიაა, ფინანსური პრობლემები კი სწორედ ქიბარ ხალვაშის დავის დროს დადებულმა ყადაღებმა გამოწვია. ლაშა ტუღუშის განცხადებით, შესაბამისად, არხზე პრობლემების გაჩენის მიზეზად ფინანსების დასახელება დამაჯერებელი არ იქნება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები