18 მაისი 2024,   18:45
ვრცლად
ხმაურობენ იმისათვის, რომ ჩაახშონ კანდიდატის მიერ ნათქვამი პასუხები - ჯანეზაშვილი გასაუბრებებზე არსებულ დარღვევებს ასახელებს

გასაუბრებები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან  - იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს გოგიტა თოთოსაშვილს, ალექსანდრე იაშვილსა და ვლადიმერ კაკაბაძეს მოუსმენენ.

საბჭოს არამოსამართლე წევრები გასაუბრებების დარღვევით წარმართვაზე საუბრობენ. მათ საბჭოს წევრების მიმართ რამდენიმე პრეტენზია აქვთ. ისინი არასამუშაო საათებში კანდიდატებთან გასაუბრებებს აპროტესტებენ და ითხოვენ, რომ დღეში მხოლოდ ორ კანდიდატთან მოხდეს გასაუბრება.

არამოსამართლე წევრი ნაზი  ჯანეზაშვილი ამბობს, რომ მას კანდიდატებისთვის კითხვების დასმის საშუალება სრულყოფილად არ ეძლევა, ვინაიდან არასასურველი შეკითხვის მოსმენისას, საბჭოს წევრები განგებ ხელის შეშლას იწყებენ.

„ჩემი სურვილი იყო და ანას სურვილი და რეკომენდაცია, რომ მხოლოდ ორ ადამიანთან ჩაგვეტარებინა ყოველდღიურად გასაუბრება, ვინაიდან უფრო სიღრმისეულად ჩაგვეტარებინა მთელი ეს პროცესი, თუმცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები არ ითვალისწინებენ ამ მოსაზრებას. დღესაც ალბათ ისინი აპირებენ, რომ მესამე გასაუბრება გვიან ჩაატარონ. ესენი ყველანი, დღეს ვინც არიან დაბარებულები არიან მოსამართლეები. ვნახოთ, როგორ წარიმართება ეს პროცესი. მაინტერესებს, რატომ გაუჩნდათ მათ ეს ამბიცია, რომ შეუძლიათ გახდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები. ზოგიერთ კანდიდატებთან მიმართებაში, თუკი არ მოსწონთ კითხვები რეპლიკებს ისვრიან, ხმაურობენ იმისათვის, რომ ჩაახშონ კანდიდატის მიერ ნათქვამი პასუხები, რათა საზოგადოებას გარკვეული შთაბეჭდილებები არ შეექმნას ამ ადამიანზე,“- განაცხადა ჯანეზაშვილმა.

პროცესის განგებ გაჭიანურებასთან დაკავშირებით საპასუხო ბრალდება აქვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს დიმიტრი გვრიტიშვილს. მისი განმარტებით, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე დროის გაწელვის მიზნით კანდიდატებს ერთი და იგივე შეკითხვებს უსვამენ. გვრიტიშვილი ამბობს, რომ არამოსამართლე წევრები ამას განგებ აკეთებენ, რათა შემდეგ სხდომა დემარშით დატოვონ.

დიმიტრი გვრიტიშვილმა ასევე მოუწოდა საბჭოს მდივანს, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც არასამუშაო საათებში უწევთ გასაუბრებების ჩატარება, ზეგანაკვეთური  ანაზღაურება დაერიცხოთ.

„სვამენ არარელევანტურ შეკითხვებს და ხშირად შეკითხვები მეორდება ერთი და იგივე კანდიდატთან მიმართებაში, რომ როგორმე სამუშაო საათებს გადასცდეს საჯარო მოსმენის პროცესი და შემდგომ აი, ასეთი სანახაობა დადგან და ბრჭყალებში „დემარში“ განახორციელონ.  პროტესტი საბჭოს წევრების მხრიდან გამოწვეულია ზუსტად შინაარსითაც, რასაც უსვამს მაგალითად ნაზი ჯანეზაშვილი კანდიდატებს, ეს არის მაპროვოცირებელი, არარელევანტური. მივმართავ შესაბამისი შუამდგომლობით როგორც საბჭოს, ასევე იუსტიციის საბჭოს მდივანს, რომ როგორც აპარატს, ასევე საბჭოს წევრებს, ოღონდ იმ წევრებს, რომლებიც მუშაობენ არასამუშაო საათებში, განესაზღვროთ დანამატი შრომის ანაზღაურების,“- განაცხადა გვრიტიშვილმა.

დღის ამბები