18 მაისი 2024,   20:17
ვრცლად
"მერიას რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაგეგმილი არ აქვს" - მერიაში მაჩალიკაშვილის მიერ კარვის გაშლაში პრობლემას ვერ ხედავენ

შს სამინისტროს წარმომადგენლებმა მალხაზ მაჩალიკაშვილს განუმარტეს, რომ კარავს მერიის მიერ რუსთაველზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ვერ გააშლევინებდნენ.

მერიაში კი განაცხადეს, რომ პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაგეგმილი არ არის.

ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განმარტებით, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება დაცულია და თუ რაიმე შეკეთებითი სამუშაო დაიგეგმება და მაჩალიკაშვილის პროტესტი ხელს შეუშლის შესაბამისი კომუნიკაცია შედგება.

"მერიას რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაგეგმილი არ აქვს და შესაბამისად, ეს ვერც გახდება გამოხატვის თავისუფლებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი. გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილია ჩვენს ქვეყანაში და ამის შეზღუდვა არ შეუძლია არც თბილისის მერიას და არცერთ სახელმწიფო დაწესებულებას. გამოხატვის თავისულებას აქვს თავის ფორმა და კანონის ფარგლებში უნდა განხორციელდეს.

"მე შემიძლია გითხრათ რა ჰქონდათ ალბათ მხედველობაში. მხედველობაში ექნებოდათ შეკეთებითი სამუშაოები, რომელიც მუდმივად ხორციელდება არამხოლოდ რუსთაველზე, მთელ ქალაქში. შეიძლება იქაც არის და რა თქმა უნდა, თბილისის მერია ამას უზრუნველყოფს, თუ ხელს შეგვიშლის ეს პროცესი, მოხდება შესაბამისი კომუნიკაციის გზით ამ პროცესის დარეგულირება. ამ ეტაპზე, მერიის მხრიდან, რაიმე ხელის შემშლელი გარემოება სიტყვის თავისუფლების გამოხატვის მიმართ არ არსებობს,“-ამბობს ირაკლი ხმალაძე. 

რაც შეეხება შს სამინისტროს პოზიციას, როგორც "რუსთავი2"-ს უწყებიდან განუცხადეს, მალხაზ მაჩალიკაშვილს მხოლოდ ის უთხრეს, რომ რუსთაველზე კოსმეტიკური სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო და კარვის გაშლის უფლებას სწორედ ამიტომ არ აძლევდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები