23 ოქტომბერი 2019,   05:12
ვრცლად
ამბობენ, გარდაცვლილები არიანო, ერთს წყალი ატრიალებსო - ადგილობრივები თუშეთში მომხდარი ავარიის შესახებ საუბრობენ

ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ამ წუთებში სასწრაფო და სამაშველო სამსახურები მუშაობენ და ხევში გადაჩეხილი მგზავრების გადარჩენას ცდილობენ. 

თუშეთის გზაზე მომხდარი ავარის დროს გარდაცვლილების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. თუმცა, ადგილობრივების განცხადებით, დაღუპულია რამდენიმე ადამიანი, ასევე უცნობია დაშავებულების ზუსტი რაოდენობა.

„არიანო, იძახიან, გარდაცვლილები, ერთს წყალი ატრიალებს, გარდაცვლილსო... მანდ სახიფათო გზა არ იყო, ისეთი გზა არ იყო, რომ გადავარდნილიყო მანქანა, მანქანის გაუმართაობა იყო მანდ,“ - ამბობს ერთ-ერთი მცხოვრები.

ადგილობრივების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი, სავარაუდოდ, ავტომობილის გაუმართაობა გახდა.

„ერთი საღად რომ ამოიყვანეს, ჩვენ ეგ დავინახეთ და ერთი კიდევ, ჩვენი ძმისშვილი წაიყვანეს სახლში, ხელზე სჭირს რაღაც. რაღაც მოხდა მანქანაზე, არ ვიცი, სწრაფად ვერ ივლი,“ - ამბობს ადგილობრივი.

ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ქვემო ალვანის მცხოვრებლები თუშეთში დღესასწაულის აღსანიშნად მიდიოდნენ, თუმცა, "კამაზის" ტიპის ავტომობილი, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა, დაახლოებით, 200 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც.

 

ავტორი: ია გულიაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები