23 ოქტომბერი 2019,   05:22
ვრცლად
ლევან ვასაძეს სახელმწიფო აფინანსებს - ბიზნესმენს ნახევარ მილიონზე მეტი მთავრობამ ბიუჯეტიდან გადაურიცხა

კომბლების ამბოხების ორგანიზატორ ლევან ვასაძეს სახელმწიფო აფინანსებს. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ბიზნესის საკეთებლად ვასაძეს ნახევარ მილიონზე მეტი „ქართული ოცნების“ მთავრობამ საქართველოს ბიუჯეტიდან გადაურიცხა.

"თავისუფლების მონიტორმა" გამოძია, რომ ფული ლევან ვასაძის კომპანიამ აგროკრედიტის ფარგლებში მიიღო. წესით, ამ პროგრამით სახელმწიფო იმ შედარებით მცირე ბიზნესს უნდა აფინანსებდეს, რომელიც პირველ ნაბიჯებს დგამს და დახმარება სჭირდება, თუმცა რა კრიტერიუმით მიიღო მილიონიანი ბიზნესის პატრონმა ფული ბიუჯეტიდან, რთული ასახსნელია. ლევან ვასაძის ალკოჰოლური სასმელების ქარხანაში მისულმა „კურიერის“ გადამღებმა ჯგუფმა მთავარ კითხვაზე პასუხი ვერ მიიღო,, მაგრამ „ბაგრატიონი 1882-ში“ დაადასტურეს, რომ 600 ათასი ლარით მათ სახელმწიფო დაეხმარა.

ლევან ვასაძემ სახელმწიფოსგან 600 ათასი 2014 წელს პროგრამა შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში მიიღო. სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ დირექტორმა „კურიერს“ განუცხადა, რომ ვასაძის ქეისს ვერ იხსენებს. ამბობს, რომ ამავე სახელწოდებით რამდენიმე პროექტი ხორციელდება სხვადასხვა უწყების მიერ და შესაძლოა, ბიზნესმენი რომელიმე მათგანით იყოს დაფინანსებული.

„თავისუფლების მონიტორის“ მიერ მომზადებულ საგამოძიებო ფილმში კი თბილისის ქუჩებში კომბლებით მორბენალი ლევან ვასაძის დაფინანსებას სახელმწიფოს მხრიდან დიდი დრო დაეთმო. გამომძიებელი ჟურნალისტი ნინო ზურიაშვილი არ გამორიცხავს, რომ არაერთი კონტრაქციის ავტორს ხელისუფლებამ ღვაწლი დაუფასა.

ლევან ვასაძის ფინანსურ წახალისებაში სახელმწიფოს მხრიდან საგანგაშო ნიშნებს ხედავს თამარ კინწურაშვილი. მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ რადიკალური განცხადებებითა და ქმედებებით გამორჩეულ რაინდს ხელისუფლება საკუთარი მიზნებისთვის იყენებს და, შესაბამისად, ნახევარი მილიონი ლარზე მეტი იმ გაწეული სამუშაოების საფასურია, რასაც ვასაძე „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილისთვის აკეთებს.

„თავისუფლების მონიტორის“ მიერ მომზადებულ საგამოძიებო ფილმში საუბარი სხვა კომპანიებზეცაა. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ სახელმწიფოს მიერ სხვადასხვა პროგრამით დაფინანსებული კომპანიების უდიდესი ნაწილი „ქართული ოცნების“ შემომწირველია. ნინო ზურიაშვილი არ გამორიცხავს, რომ სწორედ ასე ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიულ სალაროში ფულის გადაქაჩვა.

თუმცა სახელმწიფომ არ დააფინანსა სოფელ ზემო ალვანში მცხოვრები ლევან მიქელაძის მცირე ბიზნესი. ის „ქართული ოცნების“ შემომწირველი არ არის. მას თუშური ქუმელი მოყავს და ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო პროდუქტს ამზადებს. ბიზნესის გაფართოება უნდოდა, თუმცა არ დააფინანსეს.

დღის ამბები