22 ნოემბერი 2024,   19:00
ვრცლად
თვითნებურად დაწყებული სამუშაოები ყინწვისის მონასტერში - ტაძრის ცენტრალური შესასვლელის კარს ბოქლომი ადევს  

მონასტერი, სადაც თამარ მეფის, გიორგი მეფისა და ლაშა გიორგის ფრესკებია შემონახული, რამდენიმე კვირაა დაკეტილია. ცენტრალური შესასვლელის კარზე ბოქლომის დადების მიზეზი კი ის სამუშაოებია, რომელიც ტაძარში მიმდინარეობს, ძველი იატაკი აიყარა და მწვანე მარმარილოს ფილები იგება.

ყინწვისის მონასტერში სამუშაოები თვითნებურად მიმდინარეობს. ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის ტერიტორიაზე სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ არც საპატრიარქოში და არც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოში. როგორც ნიკოლოზ ანთიძე ამბობს, წინა კვირას სპეციალისტთა ჯგუფი ადგილზეც იყო ჩასული, თუმცა ტაძარში არ შეუშვეს.

მე-12-მე-13-ე საუკუნეებით დათარიღებული წმინდა ნიკოლოზის ტაძრის სრულფასოვანი რესტავრაცია 2018 წელს დასრულდა. მას გარედან ერთი შეხედვით სერიოზული დაზიანების არაფერი ეტყობა, თუმცა საკმაოდ მძიმეა ვითარება ტაძრის შიგნით, დასავლეთით. ყინწვისის სამონასტრო კომპლექსში მოღვაწე სასულიერო პირებმა „კურიერს“ დაზიანებული ადგილები, ჩამონგრეული ჭერი და დასველებული ფრესკები მხოლოდ კამერის გარეშე აჩვენეს და კომენტარზეც უარი უთხრეს, თუმცა აინტერესებთ, რატომ არ იწყებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სააგენტო სარესტავრაციო სამუშაოებს.

ყინწვისის სამონასტრო კომპლექსი რუისისა და ურბნისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია და როგორც ჩანს ტერიტორიაზე სამუშაოებიც მხოლოდ მათი გადაწყვეტილებით მიმდინარეობს.

 

დღის ამბები