19 მაისი 2024,   06:53
ვრცლად
ივანიშვილის რეზიდენციის მიმდებარედ გადაადგილება აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს სასამართლომ აუკრძალა

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ელგუჯა ბაგრატიონს სასამართლომ შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის მიმდებარედ გადაადგილება პერიმეტრიდან 20 მეტრის რადიუსში აუკრძალა.

მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ელგუჯა ბაგრატიონს ასევე მას დაეკისრა 4 ათასლარიანი გირაო.

ელგუჯა ბაგრატიონი სასამართლოს გადაწყვეტილებით ასევე ვალდებულია, კვირაში ერთხელ გამოცხადდეს პოლიციაში იმისთვის, რომ მიმალვის საფრთხე აიცილონ თავიდან.

მოსამართლის ვერდიქტს ოპოზიცია პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უწოდებს.

„მიზანი არა გირაო, არამედ ამ საქმის მიზანი არის, რომ ელგუჯა ბაგრატიონი არ გამოცხადდეს აქციებზე იმიტომ, რომ მარტივი შედარებაც შეგვიძლია მოვიყვანოთ - ქვეყანაში გვყავს ასეთი ადამიანი, ფარცხალაძე, რომელსაც ბრალი წარედგინა კონსტიტუციით განსაზღვრული ინსტიტუტის ხელმძღვანელზე თავდასხმაში. იმ ადამიანსაც 5 ათასი ლარის გირაო შეუფარდეს, ყოველგვარი დამატებითი შეზღუდვების გარეშე და ადამიანს, გაუფრთხილებელ დანაშაულზე, რომელიც სასჯელის სახით საერთოდ არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, შეუფარდეს, დაახლოებით, იგივე ოდენობის გირაო, დაუწესეს დამატებით პოლიციაში გამოცხადება და დაუწესეს აქციებზე მისვლის აკრძალვა, ეს არის წმინდა სახის პოლიტიკური გადაწყვეტილება,“ - განაცხადა ადვოკატმა, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, მირდატ ქამადაძემ.

 

ავტორი: სოფო ჭულუხაძე

დღის ამბები