17 მაისი 2024,   15:02
ვრცლად
უჩა მამაცაშვილის კადრი, რამიშვილი პირადად ატერორებს "ფრეგოს" დამფუძნებელს - ლევან ხაბეიშვილი

„ფრეგოს“ დამფუძნებლის, გიორგი თოფჩიშვილის დაკავებას  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი ეხმაურება. 

თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ფრეგოს ხელმძღვანელებზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს. ხაბეიშვილი ამბობს, რომ საწვავის ბიზნესში, თოფიჩაშვილის და ბიძინა ივანიშვილის დეიდასშვილის, უჩა მამაცაშვილის ინტერესები გადაიკვეთა, ამის შემდეგ კი "ფრეგოს" მფლობელი საპატიმროში მოხვდა. 

ხაბეიშვილის ინფორმაციით, ივანიშვილის გარემოცვას სურს, გიორგი თოფჩიშვილს ბიზნესი წაართვან ან 5 მილიონი ლარი გადაახდევინონ.

„საუბარია „ფრეგოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელზე, თოფჩიშვილზე და ყველაშვილზე, რომლებიც ფინანსური დანაშაულის გამო არიან დაჭერილები, თუმცა ჩვენ ინფორმაციით, ბატონი რამიშვილი, რომელიც მანამდე მუშაობდა რკინიგზაში, ანუ ბახტაძე იყო ხელმძღვანელი, ის არის უჩა მამაცაშვილის კადრი, ასევე მუშაობდა „არემჯი გოლდში“, ის პირადად ატერორებს ამ ადამიანებს და სთხოვს 5 მილიონ დოლარს თავისუფლებისთვის და ეუბნება, რომ თუ ამ 5 მილიონ დოლარს არ გადაიხდიან, ისინი ვერასდროს ვერ ეღირსებიან საპატიმროს დატოვებას. ამიტომ მნიშვნელოვანია ახლა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები დაინტერესდნენ ამ საქმით. ასევე მოვუწოდებ საგამოძიებო უწყებებს დაინტერესდნენ ამ საქმით. ეს კონკრეტული ორი ადამიანი, რომელიც დღეს იმყოფება პატიმრობაში, რეალურად დანაშაულთან გვაქვს საქმე თუ უჩა მამაცაშვილს მოუნდა, დამატებით მილიონები აახიონ კონკრეტულ ბიზნესს,“-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ფრეგოს“ დამფუძნებელი გიორგი თოფჩიშვილი და ვლადიმერ ყველაშვილი, დაახლოებით, ერთი კვირის წინ დააკავეს. ისინი უკვე წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. საქალაქო სასამართლომ ორი დღის წინ მათ პატიმრობა შეუფარდა. მათ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების მომზადებას ედავებიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები