22 დეკემბერი 2024,   10:00
ვრცლად
ნარკოტიკების ორ ჯგუფად დაყოფა - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნარკოლოგებისთვის ბუნდოვანია 

ნარკოტიკი, რომელიც არ იწვევს სწრაფ შეჩვევას და აგრესიას - ასეთი ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლები, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასჯელისგან სრულად თავისუფლდებიან.  

ნარკომომხმარებლებს იმის მიხედვით დააპატიმრებენ, რა ნარკოტიკული ნივთიერება აქვთ მიღებული. სასამართლოს განმარტებით, ნარკოტიკული საშუალებების დაყოფა ორ კატეგორიად უნდა მოხდეს. ერთი ჯგუფი, რომელიც სწრაფ შეჩვევას და აგრესიას იწვევს და მეორე, რომელიც არ იწვევს. მეორე შემთხვევაში, მომხმარებლის დაპატიმრება სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო. რომელი პრეპარატი რომელ კატეგორიაში უნდა შევიდეს, ამის განსაზღვრა პარლამენტს დაეკისრება.

ნარკომომხმარებელთა სათემო ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის ნივთიერებების ასეთი დაყოფა ბუნდოვანია. ისინი ვარაუდობენ, რომ სახელმწიფოს რეპრესიული პოლიტიკა მომხმარებლების მიმართ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით არ აღმოიფხვრება.

ჯანდაცვის კომიტეტის წევრი, ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია, პარლამენტმა ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის კანონპროექტი დაამტკიცოს, რაც მომხმარებლებისთვის არა პატიმრობას, არამედ რეაბილიტაციას გულისხმობს. კანონპროექტის შეფერხებაში კი ოპოზიციონერი პარლამენტარი ძალოვან უწყებებს ადანაშაულებს.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ მოსწონს დეკრიმინალიზაციის კანონპროექტის კიდევ ერთ ინიციატორს, აკაკი ზოიძეს. ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ყველა ნარკოტიკული საშუალებისთვის უნდა მიეღო, რაც დეკრიმინალიზაციის პროცესს დააჩქარებდა, ამგვარმა გადაწყვეტილებამ კი შესაძლოა, რეფორმას შეუქმნას საფრთხე.

ნარკოტიკული საშუალებების კატეგორიებად დაყოფა არასწორად მიაჩნიათ ნარკოლოგებს. მათი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებაში ტერმინები არაპროფესიონალურად იყო განმარტებული, რაც იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას. ამან კი შესაძლოა, მომხმარებლის უპირობო პატიმრობა გამოიწვიოს.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე ამოქმედდა. დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტის განხილვა კი პარლამენტში უკვე ორი წელია, შეჩერებულია, რადგან დეკრიმინალიზაციას საკმარისი მომხრეები არ ჰყავს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები