19 დეკემბერი 2024,   10:16
ვრცლად
მასშტაბური კიბერთავდასხმა ტელევიზიაზე - „ტვ პირველი“ მთელი დღე ავარიულ რეჟიმში მაუწყებლობს

„ტვ პირველი“ მთელი დღე ავარიულ რეჟიმში მაუწყებლობს. დღეს არცერთი საინფორმაციო გამოშვება, ეთერში არ გასულა.

ქვეყნის ერთ-ერთი კრიტიკული და დამოუკიდებელი ტელეარხი, სასამართლო სანქციების, მფლობელის დაკავების და წილების გაყიდვის გარეშე, ჰაკერული შეტევით, სულ რამდენიმე წამში გააჩუმეს.

გამთენიისას მწყობრიდან გამოვიდა არხის მთავარი სერვერი და მთელი ტელევიზიის კომპიუტერული სისტემა. ჰაკერული თავდასხმის შედეგად დაშიფრეს ტელევიზიის კომპიუტერული ქსელი, ამ დრომდე „ტვ პირველს“ არ აქვს წვდომა არცერთ ვიდეომასალაზე, რომელსაც არხი ხუთი წლის განმავლობაში ქმნიდა.

ავარიულ რეჟიმში არხმა მაუწყებლობის განახლებიდან გათიშვიდან ათი საათის თავზე შეძლო. ჩაირთო კამერები და ვიდეოპულტი, თუმცა სერვერები ისევ გათიშულია, ჟურნალისტები ვერ იყენებენ ახალი ამბების მართვის სისტემას და კომპიუტერებს.

ჰაკერების მიერ კარგად ორგანიზებული კიბერშეტევის შედეგად კრიპტოვირუსმა „ტვ პირველის“ სერვერზე შეაღწია და იქ არსებული ინფორმაცია მთლიანად დაბლოკა. ჰაკერებმა „ტვ პირველის“ ქსელში ელექტრონული ფოსტების მისამართები დატოვეს, სადაც სისტემაში შესასვლელად აუცილებელი კოდების მიღება, სავარაუდოდ, გარკვეული პირობის ან გამოსასყიდის სანაცვლოდ იქნება შესაძლებელი.

კიბერთავდასხმიდან რვა საათის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინსიტროს თანამშრომლები ტელევიზიის შენობაში გამოჩნდნენ. სანდრო წყარო სამინისტროს კიბერუსაფრთხოებასთან ბრძოლის სამმართველოდან „კურიერს“ უყვება, რომ „ტვ პირველზე“ თავდასხმის საქმე იგივე გამომძიებლებს ჩააბარეს, ვისაც ერთ წლის წინ, "თიბისი ბანკზე" კიბერშეტევის საქმე.

მოგვიანებით, შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც უწყებამ ძიება „ტვ პირველში“ შესაძლო კიბერშეტევის ფაქტზე 2 - კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის და მონაცემის ხელყოფის შესახებ მუხლებით დაიწყო.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ეს საქმეც საგამოძიებო უწყების მტვრიან თაროზე შემოდების ისეთივე კანდიდატია, როგორც „თიბისიზე“ მომხდარი შეტევა.

ბოლო პერიოდის 2 ხმაურიან კიბერშეტევას - „ტვ პირველსა“ და „თიბისი ბანკზე“ განხორციელებულ თავდასხმას შორის პარალელის გავლება დღეს აქტუალური იყო სამოქალაქო სექტორშიც.

 

დღის ამბები