23 დეკემბერი 2024,   03:11
ვრცლად
ჩინჩალაძეს უმადლოდეთ საბჭოს წევრი რომ ხართ და აქ რომ ზიხართ თქვენ მართლა უცოდინარო - კამათი იუსტიციის საბჭოს სხდომაზე

ხმაური იუსტიციის უმაღლეს საბჭოში - უვადო მოსამართლეობის ბოლო კანდიდატთან გასაუბრებამდე, საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, მიხეილ ჩინჩალაძე კიდევ ერთ თანამდებობას შეითავსებს. ჩინჩალაძე ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარის პოსტზე დაინიშნა, მის მოადგილედ კი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ირაკლი შენგელია დასახელდა.

საბჭოს არამოსამართლე წევრების უკმაყოფილებაც სწორედ ამ საკითხმა გამოიწვია. მათ კანდიდატების თანამდებობებზე გასაუბრების გარეშე დანიშვნა გააპროტესტეს, რაც საბჭოს უმრავლესობის წევრებთან კამათსა და სიტყვიერ დაპირისპირებაში  გადაიზარდა.

„ჩინჩალაძეს უმადლოდეთ საბჭოს წევრი რომ ხართ და აქ რომ ზიხართ, თქვენ მართლა უცოდინარო“- ამ სიტყვებით საბჭოს უმრავლესობის წევრმა, ირაკლი შენგელიამ ნაზი ჯანეზაშვილს მიმართა.

ირაკლი შენგელიას ამ განცხადებას ჯანეზაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ ერთმა ფრაზამ ცხადჰყო, რომ მიხეილ ჩინჩალაძე გარკვეული გავლენებით სარგებლობს.

„მე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად პარლამენტმა ამირჩია 2017 წელს და აქამდე მეგონა, რომ პარლამენტის მიერ ვიყავი არჩეული, მაგრამ ადამიანმა ფაქტობრივად, პირდაპირ თქვა ამით, რომ რაღაცა გავლენები აქვთ ამათ, თუ რა ტიპის გავლენებია მე ნამდვილად არ ვიცი და ძალიან სამარცხვინოა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი რომ ამბობს, რომ ერთ-ერთ მოსამართლეს სასამართლო სისტემიდან, რომელიც საბჭოს წევრიც კი არ არის, უნდა უმადლოდეს პარლამენტის მიერ არჩეული წევრი. ეს არის ძალიან უცნაური განცხადება, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი,“- განაცხადა ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ფიქრობს, რომ ჯანეზაშვილი საკუთარი საქმიანობის წარმოჩენას მიხეილ ჩინჩალაძის გაკრიტიკებით ცდილობს.

„ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამ ორი წევრის განსაკუთრებულ ყურადღების ცენტრში ექცევა  სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე და ეს ახალი ნამდვილად არ ყოფილა და არც მოულოდნელი არ ყოფილა, რომ მისადმი გამოხატავდნენ განსაკუთრებულ ინტერესს. მე მქონდა ამის მოლოდინი პირადად და რაც შეეხება თვითონ ამ შეკამათებას და ამ ფრაზას, თუ ამას გავყვებით, ის თავის საქმეს და საქმიანობას ცდილობს, რომ წარმოაჩინოს იმის ხარჯზე, რომ აკრიტიკებს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სასამართლოს თავმჯდომარეს,“- განაცხადა  გიორგი მიქაუტაძემ.

იუსტიციის საბჭოში დღეს გასაუბრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ბოლო კანდიდატთან მიმდინარეობს. საბჭოს წევრები  სააპელაციო სასამართლოს მოქმედ მოსამართლეს, გოჩა ჯეირანაშვილს უსმენენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები