20 იანვარი 2020,   18:04
ვრცლად
ეკლესიაში რომ მივიდნენ, ისინი დახვედრიან, "ჩვენს ტერიტორიაზე ხართო" და წაუყვანიათ - ახალუბნელები 7 თანასოფლელის დაკავებაზე ყვებიან

ახალუბნიდან გატაცებული საქართველოს 7 მოქალაქე ცხინვალის წინასწარი მოთავსების იზოლატორში არიან გადაყვანილები. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდები ეკლესიაში ავიდნენ, სადაც სწორედ რუსი ოკუპანტები დახვდნენ და გაიტაცეს.

შვიდივე მათგანი წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მოსალოცად იყვნენ. არსებული ინფორმაციით, ისინი ეკლესიის ტერიტორიაზე ავტომობილებით იყვნენ ასულები. ოკუპანტებმა მათი მანქნაც წაიყვანეს. 

„ბირჟაზე ისხდნენ, თითო ბოთლი დაულევიათ და მერე ზემოთ წავიდნენ სასაფლაოზე. იქ არის ჩვენი ეკლესიაც, წმინდა გიორგის ეკლესია, უთქვამთ ბავშვებს, სანთლები დავანთოთ და მოდი შევიდეთო და რომ მივიდნენ იქ, ისინი დახვედრიან, ჩვენს ტერიტორიაზე ხართო და წაუყვანიათ,“ - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ერთ-ერთი დაკავებულის დედა ამბობს, რომ მისი შვილი მამის საფლავზე ავიდა, რის შემდეგაც უკვე აღარ იცის მის შესახებ ინფორმაცია.

„დედა მამას სასაფლაოზე ვარო, ნახევარ საათში სახლში ჩამოვალ, არ იდარდოო და მერე ჩემ გოგოს ვაცილებდი და რომ გავედი ხალხმა თქვა, რომ ბიჭები გაიტაცესო. არაფერი არ ვიცი, დანარჩენი,“ - ამბობს ელენე ვარდანაშვილი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ყოველდღე იმის შიში აქვთ, რომ მათ თანასოფლელს ოკუპანტი მხარე დააკავებს. სოფელში დამონტაჟებული  არ არის მავთულხლართები და ადგილობრივებისთვის პრობლემას სწორედ ესეც ქმნის. მათი თქმით, ოკუპანტს შეუძლია, რომ მათ ნებისმიერ დროს უთხრას, რომ ისინი საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან და დააკავონ.

„შიშში ვართ ყოველთვის, ჩვენთვის არავინ არ არის,“ - ამბობს ადგილობრივი.

 

დღის ამბები