17 მაისი 2024,   08:57
ვრცლად
"კატეგორიულად მიუღებელია თითის შვერა საპარლამენტო მდივნისკენ" - დიმიტრი გაბუნია

"ამისთვის ადმინისტრაციაში არსებობს შესაბამისი დეპარტამენტი, ეს არის შეწყალების დეპარტამენტი," - ამ განცხადებით დიმიტრი გაბუნიამ შეწყალების საკითხთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი აცხადებს, რომ მისკენ "თითის შვერა“ მიუღებელია და ამბობს, რომ შეწყალების საქმესთან შემხებლობა საერთოდ არ ჰქონია.

როგორც გაბუნია ამბობს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებობს შესაბამისი დეპარტამენტი, რომელსაც თავისი კურატორი ჰყავს და ეს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეა. 

"კატეგორიულად მიუღებელია თითის შვერა საპარლამენტო მდივნისკენ, რომლის არც უფლებამოსილებაში, არც სტრუქტურულად და არც ისე არანაირი მონაწილეობა არ მიმიღია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას. ამისთვის, ადმინისტრაციაში არსებობს შესაბამისი დეპარტამენტი, ეს არის შეწყალების დეპარტამენტი, რომელსაც ჰყავს თავისი კურატორი, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, რომელიც იყო დაკავებული, ჩემი ინფორმაციით, თავიდან ბოლომდე თვეების განმავლობაში ამ სიის შედგენით,“ – აცხადებს გაბუნია.

დიმიტრი გაბუნია ამბობს, რომ პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მისთვის მიუღებელია და ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტს პირადადაც აცნობა.

"მე თათბირზეც, რომ ჩამოვედი და პრეზიდენტსაც პირადად ვუთხარი, რომ ჩემთვის ეს გადაწყვეტილებები არის მიუღებელი. ანგი ხუციშვილი არის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე. გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე ნუ დამარღვევინებთ კანონს,“ - აცხადებს დიმიტრი გაბუნია.

შეგახსენებთ, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებების საკითხებში არაუფლებამოსილი პირი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი  დიმიტრი გაბუნია ერევა, "ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.

ნადირაშვილის განცხადებით,  წყარო, რომელმაც "ევროპულ საქართველოს" ინფორმაცია მიაწოდა, ამტკიცებს, რომ დიმიტრი გაბუნიას შეწყალებები ბიზნესად აქვს ქცეული. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები