17 მაისი 2024,   06:55
ვრცლად
შესაძლო კორუფციული გარიგება - პოლიტიკოსებისა და მესამე სექტორის შეფასება

სკანდალური შეწყალებების საქმეში, შესაძლო კორუფციულ გარიგებაზე დილიდან მწვავე პოლიტიკური შეფასებები კეთდება. ოპოზიცია მომხდარში დანაშაულის ნიშნებს ხედავს და კითხვებზე პასუხს გამოძიებისგან მოითხოვს. მმართველი გუნდი კი მზადაა ჩაერთოს ამ თემაზე საჯარო განხილვებში.

როგორც "ევროპული საქართველოს" წევრი ირაკლი აბესაძე აცხადებს, აუცილებელია სერიოზული გამოძიება, რადგან აქ საქმე პრეზიდენტის გადაყენების საკითხს ეხება:

"ცინიკურია, მაგალითად, ერთ-ერთი ოჯახისთვის მიცემული განმარტება, რომ პრეზიდენტმა არ იცოდა დაზარალებულის ვინაობის შესახებ, თორემ ის სხვანაირ გადაწყვეტილებას მიიღებდა, თითქოს მოკლული ადამიანის ვინაობას მნიშვნელობა ჰქონდეს, როდესაც მკვლელის მიმართ ვიღებთ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ეს მთლიანობაში ჯდება ქართული ოცნების სისხლის სამართლებრივ პოლიტიკაში, რომელიც კრიმინალებთან გარიგებაშია და არც ამ მხრივ მოდის ზურაბიშვილის გადაწყვეტილებები წინააღმდეგობაში ქართულ ოცნებასთან, თუმცა კორუფციულ სამართალდარღვევას სჭირდება სერიოზული გამოძიება, ვინაიდან ეს არის, მათ შორის, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველი".

ეკა ბესელიას თქმით, მოსახლეობა მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული მიმდინარე მოვლენებში:

"ერთიანად უნდა შევხედოთ სურათს და იმ დაწყებულმა საგამოძიებო მოქმედებებმა უნდა აჩვენოს მთლიანად პროცესი და საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაცია გახდეს ცნობილი, როგორ მოხდა ამ პროცედურის შედეგად ამ გადაწყვეტილებების მიღება".

უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი აღნიშნული საკითხის გაუმჯობესების საჭიროებაზე საუბრობს:

"ეს შეწყალების სია ეტაპობრივად არ განხორციელებულა, მესმის, რომ ეტაპობრივად გამოდის ინფორმაცია, თუ ვისი შეწყალება მოხდა, თუმცა ეს იყო ერთიანი აქტი და ამის საფუძველზე განხორციელდა, ჩემი ინფორმაციით. რაც შეეხება პროცესს, იცით, რომ გაჟღერდა აუცილებლობა ამ საკითხზე მუშაობის, ამ საკითხების დახვეწის და ძირითად პრინციპებზე შეთანხმების. რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებას ჩვენ ვერ შევზღუდავთ, მაგრამ არის გარკვეული პრინციპები, ერთიანი სისხლის სამართლის პოლიტიკის ჭრილში, რომელზეც შეიძლება შეთანხმება და მუშაობა".

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას" თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე, სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს.

"მთავარი აქ ის არის, რომ პრეზიდენტს აქვს კომპეტენცია, შეიწყალოს ნებისმიერი პირი და თუ ის თვლის, რომ მისი მიზანი უნდა იყოს იმ პირების შეწყალება, რომლებიც მსჯავრდებულები არიან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში, მათ შორის ნარკოტიკების რეალიზაციაში, ეს მის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ზრდის, ამიტომ ამაზე პასუხი არ შეიძლება იყოს გამოძიება ან სამართალწარმოების დაწყება, აქ პასუხი არსებობს მხოლოდ პოლიტიკური".

რამდენიმე დღის წინ სალომე ზურაბიშვილმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებულები შეიწყალა, რის შემდეგაც შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.

დღის ამბები