18 მაისი 2024,   18:18
ვრცლად
იმპიჩმენტის მოთხოვნის ფონზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი იზრდება - პარლამენტს კანონპროექტი წარედგინა

საქართველოს პარლამენტს "საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი წარედგინა. რომელშიც 223 მილიონით არის გაზრდილი ხარჯები, რაც 13 მილიარდ 300 მილიონ ლარს აღწევს. ცნობილია, რომ ამ საკითხზე საკომიტეტო მოსმენები 25 სექტემბრიდან დაიწყება.

როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელია და კვლავაც ნარჩუნდება 4.5%-ის ფარგლებში, ამასთან, იზრდება ცალკეული სამინისტროების ხარჯების მაჩვენებლები.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, რომლის ავტორიც ფინანსთა სამინისტროა, კანონპროექტის შედეგად 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების დაზუსტება მოხდება.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირების პროექტის თანახმად შსს-ს და იუსტიციის სამინისტროების დაფინანსება იზრდება, ხოლო თავდაცვის სამინისტროს უმცირდება.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებული დაფინანსება იზრდება 25.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 766.6 მლნ ლარით. დამატებითი გამოყოფილი ასიგნებებიდან 20 მლნ ლარი მიიმართება სამინისტროს ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად, ასევე სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დამტკიცებული დაფინანსება იზრდება 10.0 მლნ ლარით და შეადგენს 191.1 მლნ ლარს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება, კრედიტის ნაწილში მცირდება 40.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 835.0 მლნ ლარით.

პროექტის თანახმად საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი 2.2 მილიონი ლარით, 8.2 მილიონ ლარამდე იზრდება. პროექტის თანახმად აღნიშნული ზრდა მიმდინარე წელს ადმინისტრაციის ფუნქციონირების ხარჯების დინამიკით და წლის ბოლომდე დაგეგმილი ვიზიტებითა და ღონისძიებებით არის გამოწვეული.

დღის ამბები