19 მაისი 2024,   01:45
ვრცლად
ხმაური ქობულეთში - კაფე-ბარ "მონოპოლის" მეპატრონე პოლიციას დაუპირისპირდა

ქობულეთში, თამარ მეფის 40 ნომერში, მდებარე კაფე-ბარ "მონოპოლში" დემონტაჟისთვის აღსრულების ბიურო შევიდა, რასაც ობიექტის მეპატრონეებთან დაპირისპირება მოჰყვა.

ერთ-ერთი მეპატრონე დემონტაჟს ეწინააღმდეგებოდა და თვითდაზიანებით იმუქრებოდა, რის შემდეგაც პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოხდა. დაპირისპირების შემდეგ ერთ-ერთი მეპატრონე შეუძლოდ გახდა და ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ობიექტის მფლობელები ამბობენ, რომ დასაქმებული ჰყავთ 40-ზე მეტი ადამიანი, შენობის დემონტაჟით კი მილიონამდე ლარის ზარალს მიიღებენ. აღსრულების ბიუროს დემონტაჟის თაობაზე ქობულეთის მუნიციპალიტეტმა მიმართა.

ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ რამდენჯერმე იყვნენ გაფრთხილებული მეპატრონეები, რომ იჯარის ხელშეკრულების გასვლის შემდეგ საქმიანობა უკანონოდ ითვლებოდა და თავად უნდა მოეხდინათ ობიექტის დემონტაჟი. მიუხედავად გაფრთხილებისა, ობიექტის მეპატრონე მერიის ამ მოთხოვნას არ დაემორჩილა. 

"უპირველეს ყოვლისა გვინდა აღვნიშნოთ, საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს, რომ აღნიშნული ობიექტი არის უკანონო. 2017 წელს გასული აქვს საიჯარო ხელშეკრულების ვადა. მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის კეთილი ნების, ასევე ბიზნესზე ხელშეწყობისა და ამ სფეროს განვითარებისთვის, მას მიეცა შესაძლებლობა ამ დრომდე ესარგებლა ობიექტით. როგორც თქვენთვის ცნობილია, ქობულეთში დაიწყო ბულვარის (სანაპირო ზოლის) კეთილმოწყობის სამუშაოები. რაც სანაპირო ზოლის მოწესრიგებას გულისხმობს. სანაპირო ზოლის პროექტი შეძენილი არის 2016 წელს. მიმდინარე წლისთვის მუნიციპალიტეტმა მოიძია შესაბამისი თანხები და დაიწყო ბულვარის განაშენიანება, სანაპირო ზოლის მოწესრიგების სამუშაოები. აღნიშნული გულისხმობს რეკრეაციული, გამწვანებული ზონების მოწყობას, ტერიტორიის ინფრასტრუქტურის განვითარებას. აღნიშნული სამუშაოების ნაწილი, მცირე მონაკვეთი უკვე დასრულდა. პროექტის გაგრძელებას ხელს უშლის უკანონო ობიექტების მეპატრონეები. გვინდა აღვნიშნოთ, რომ პროექტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქალაქისთვის. სამუშაოების მიხედვით იქმნება ტურისტული და რეკრეაციული ზონა. მშენებლობის შესახებ დიდი ხნით ადრე იყო ინფორმირებული აღნიშნული კვების ობიექტი, მონოპოლი და არამარტო ეს ობიექტი" - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დღის ამბები