17 მაისი 2024,   14:44
ვრცლად
"იყო უამრავ თემაზე საუბარი, რომელზეც მე არ ვილაპარაკებ"- ჩუგოშვილის პასუხი ბესელიას სკანდალურ განცხადებაზე

ეკა ბესელიას განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლეების სკანდალურ სიას თავის დროზე თამარ ჩუგოშვილიც ეწინააღმდეგებოდა, ნაწილობრივ ადასტურებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი. ჩუგოშვილის თქმით, მისი პოზიცია იყო, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყველა კანდიდატს ღია, გამჭვირვალე და რთული შერჩევა გაევლო. თუმცა ბესელიასგან განსხვავებით, თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ამ პოზიციას ბიძინა ივანიშვილიც იზიარებდა:

"ის ფორმა, როგორიც იქნა შერჩეული და წარმოდგენილი, იყო მიუღებელი, პარლამენტს უნდა მიეღო კანონი, რომელიც დეტალურად გაწერდა პროცედურას და ღია, გამჭვირვალე და რთული შერჩევის გავლა მოუწევდა ყველა კანდიდატს, ეს იყო ჩემი პოზიცია ამ შეხვედრაზე, ამას იზიარებდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეც,"- განმარტა თამარ ჩუგოშვილმა.

რაც შეეხება ეკა ბესელიას იმ სკანდალურ განცხადებას, რომ მისგან ამ სიიდან 5 მოსამართლის გაყვანას ითხოვდნენ, ჩუგოშვილი არ პასუხობს:

"სხვადასხვა თემებზე იყო საუბარი, ასეთი კონკრეტულად მე არ მახსოვს, იყო უამრავ თემაზე საუბარი, რომელზეც მე არ ვილაპარაკებ," - განაცხადა ჩუგოშვილმა.

ჩუგოშვილმა უპასუხოდ დატოვა ბესელიას განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნულ პროცესებზე ინფორმაციას ასევე ფლობს ვიცე-სპიკერიც, თუმცა არ ეყოფა გამბედაობა, ამის შესახებ ისაუბროს: "ეს ბესელიას აზრია და მე ეკას არ ვპასუხობ ამ შემთხვევაში,"- აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

დღის ამბები